პოლიტიკურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები წარადგინა, რომელიც მიღების შემთხვევაში ქვეყანაში 1050 ლარის მინიმალურ ხელფასს დააწესებს. ცვლილება შეეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებს. საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
„1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს 1050 (ათას ორმოცდაათ) ლარზე ნაკლები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
აღნიშნული ცვლილების მიზანია სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სოციალური თანასწორობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ შრომით ურთიერთობებში მინიმალური შრომის ანაზღაურების დანერგვით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მინიმალური ხელფასის დანერგვა მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ფინანსურ ხელშეწყობას, ანაზღაურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და უზრუნველყოფს დასაქმებულთათვის გაწეული შრომის ღირსეულ ანაზღაურებას. შრომით ურთიერთობებში აღნიშნული ინტერვენციის საჭიროება ასევე გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის დებულებებიდან, რომლებიც ადგენენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ადამიანების სოციალურ დაცვაზე. მინიმალური ხელფასი შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს იცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან. ახალი სახელფასო ბარიერი აწესებს სამართლიან კონკურენციის პირობებს შრომით ურთიერთობაში მყოფი ორივე მხარისთვის“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.