შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ თურქმენეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ სერდარ ბერდიმუჰამედოვს. აღსანიშნავია, რომ ეს თურქმენეთის პრეზიდენტის მეორე სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში. პირველი ასეთი ვიზიტი 2015 წელს შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ბატონი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი სტუმრობდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ  ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს, ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

მქონდა ბატონ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს