საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.


როგორც პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში და სწორედ ეს არის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და ერთობა, რაც გვჭირდება.


"13 დეკემბერს, 2 - 3 დღეში აქ მოვლენ დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში. მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება - არა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ, ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ ვინ მეტი, თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა, თუ ვინ არ დააშავა, ცოტახნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპულ საბჭოს წევრი, თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება. ჩვენც ვისურვებდით, რომ ძალიან მალე იმ მაგიდის ირგვლივ დავმსხდარიყავით და იქაც - ევროპაშიც გვქონოდეს ჩვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა ევროპული კამპანიის ფარგლებში - ,,ჩვენი ხმა ევროპას“, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე.