საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა.
„გურამ დუმბაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში, ასევე 11 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში - აუდიტორ-ასისტენტობიდან მთავარ აუდიტორობამდე. 2021 წლიდან გურამ დუმბაძე იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, 2025 წლის ივნისიდან კი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.