აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტისგაწვევისთვის მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა.
აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ.
„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ლევან ცუცქირიძის განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ, ისინი ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევასთან ერთად და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.