დედაქალაქის მასშტაბით შემოსავლების სამსახურის ფიზიკურ პირთა მომსახურების მხოლოდ ერთი სერვის ცენტრი მუშაობს.
გადასახადების გადამხდელები აცხადებენ, რომ სერვის ცენტრების გაუქმების შემდეგ ისინი მომსახურების მიღების პროცესში სირთულეებს და პრობლემებს აწყდებიან.
პრობლემების შესახებ „კომერსანტს“ ერთ-ერთი ბიზნესმენი ესაუბრა:
„დამჭირდა ცნობა პირადი შემოსავლების შესახებ და ქონების დეკლარაცია დამოწმებული ფორმით. ცხელი ხაზის ოპერატორმა ცნობის მისაღებად სარაჯიშვილის #1-ში გამიშვა, რადგან შემოსავლების სამსახურს ქალაქის სხვა ლოკაციებზე თურმე გაუუქმებია ფიზიკური პირების მომსახურების ცენტრები. აღნიშნულ მისამართზე მისული აღმოვჩნდი გლდანის გამგეობაში, იქიდან გადამამისამართეს სხვა მისამართზე თემქის რაიონში, სადაც დიდი წვალების შემდეგ, ძლივს მივაგენი სერვის ცენტრს.
ჩავაბარე განცხადება. გადავიხადე 60 ლარი და 30 ლარი. მითხრეს, რომ მოთხოვნილი ცნობების გასატანად მეორე დღეს მივსულიყავი საბურთალოზე, კოსტავას ქუჩაზე არსებულ სერვის ცენტრში. მეორე დღეს მივაკითხე აღნიშნულ სერვის ცენტრს, სადაც განმიცხადეს, რომ თურმე წინა დღეს სულ ტყუილად მიწვალია და განაცხადის ჩაბარება მათთანაც შემეძლო.
როგორც გაირკვა, ცნობა მზად არ ჰქონდათ და პასუხი იყო, რომ არც იცოდნენ, როდის იქნებოდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან საუბრის და არა ერთი შიდა ზარის განხორციელების შემდეგ გაირკვა, რომ ცნობა ჯერ შემსრულებელზეც კი არ იყო გადაწერილი. დიდი ძალისხმევის შემდეგ, ისევ სერვის ცენტრის კანცელარიის თანამშრომლების პირადი გულისხმიერების წყალობით, ჩემი განცხადება დაეწერა შემსრულებელს და შემპირდნენ, რომ 15 წუთში გამატანდნენ, თუმცა რაც შეეხება ქონების დეკლარაციას „სველი ბეჭდით“, მის გასატანად უნდა მივბრუნებულიყავი ისევ თემქის სერვის ცენტრში, რადგან ჩემთვის საჭირო ფორმით მხოლოდ თემქის სერვის ცენტრს შეეძლო დეკლარაციის გაცემა.
რაც მთავარია, როგორც ორივე სერვის ცენტრის, მართლაც უზომოდ გულისხმიერმა თანამშრომლებმა განმიცხადეს, უამრავი უკმაყოფილო გადამხდელის მოსმენა უწევთ ყოველ დღე მას შემდეგ, რაც „ზემდგომებმა“ ახალი გადაწყვეტილება მიიღეს და თბილისში მხოლოდ ერთი სერვის ცენტრი დატოვეს ფიზიკური პირებისთვის თემქაზე“.