როდესაც ბანკიდან იპოთეკურ სესხს ვიღებთ და ხელშეკრულებაში, მაგალითად, 12%-ს ვხედავთ, ხშირად გვიჩნდება კითხვა: საიდან მოვიდა ეს რიცხვი? რატომ არ არის ის უფრო დაბალი, 5% ან 15%? ბევრს ჰგონია, რომ საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ ბანკის სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა რეალობა უფრო მეტად ჰგავს კერძის მომზადებას - საბოლოო ფასი რამდენიმე აუცილებელი ინგრედიენტისგან შედგება.

მოდით, დავშალოთ ეს 12% და ვნახოთ, რა წილი აქვს თითოეულ კომპონენტს:

  • ფულის ფასი - დაახლოებით 8-9%

ბანკი ფულს თავად არ „ბეჭდავს“. იმისათვის, რომ თქვენ სესხი მოგცეთ, მან ეს თანხა საიდანმე უნდა მოიზიდოს. საიდან იზიდავს ბანკი გასასესხებელ ფულს?

  • მეანაბრეებისგან - მეანაბრე ადამიანია, რომელიც ბანკში ფულს დებს სარგებლის მისაღებად. მეანაბრე შეიძლება შენ ან შენი ნებისმიერი ნაცნობი იყოს. თუ ანაბარზე 8%-იან სარგებელს იღებ, ეს ნიშნავს რომ ბანკს შენი ფული მინიმუმ 8% უჯდება და ცხადია, თავად ამაზე იაფად ვერ გაასესხებს.
  • ეროვნული ბანკისგან ან საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხად - ზოგჯერ ფულს ბანკი თავად იღებს სესხად სხვისგან. ეროვნული ბანკი აწესებს რეფინანსირების განაკვეთს, რაც გვეუბნება რამდენ პროცენტში აძლევს ის სესხს კომერციულ ბანკებს. თუ რეფინანსირების განაკვეთი 8%-ია, ეს ნიშნავს რომ კომერციული ამაზე იაფად ვერ გაასესხებს თავად თანხას, რადგან თვითონ აქვს ეროვნულისთვის ამდენი გადასახდელი. ეს არის ფულის თვითღირებულება.
  • რისკის პრემია - დაახლოებით 1-2%

ნებისმიერი სესხი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. არსებობს ალბათობა, რომ  მსესხებლების გარკვეულმა ნაწილმა თანხა ვერ დააბრუნოს. ბანკი ვალდებულია ეს რისკი წინასწარ გაითვალისწინოს, რათა სისტემამ სტაბილურობა შეინარჩუნოს და მეანაბრეების ფული არ დაიკარგოს. რაც უფრო რისკიანია სესხი, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი.

  • საოპერაციო ხარჯები - დაახლოებით 1.5-2%

აქ შედის ყველაფერი, რაც ბანკის მუშაობას სჭირდება: უსაფრთხოების სისტემები,  ფილიალების შენახვა, თანამშრომლების ხელფასები და უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენს ტრანზაქციებს იცავს.

  • მარჟა (მოგება) - დაახლოებით 0.5-1%

ეს არის ის ნაწილი, რაც ბანკის, როგორც ბიზნესის, სარგებელია.

 

რატომ ვერ ეშვება პროცენტი დაბლა, როცა ფასები იზრდება?

მოდი განვიხილოთ კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს: როცა ფასები იზრდება, არ შეიძლება რომ პროცენტი ბანკებმა დაბლა დაწიონ?

ეკონომიკაში „ჯაჭვური რეაქცია“ მუშაობს. ინფლაცია, ანუ ფასების საერთო დონის მატება, პირდაპირ აისახება ფულის მსყიდველობით უნარზე. თუ ინფლაციის დონე იმატებს, ეს ნიშნავს რომ 1 ლარს ნაკლების ყიდვა შეუძლია, ვიდრე ინფლაციის მატებამდე შეეძლო.  ბანკებს უნდათ, რომ მომხმარებელმა ფული მათთან შეიტანონ ანაბარზე, ამიტომ უწევთ, მათ მეტი მოგება შესთავაზონ. შესაბამისად, როდესაც ანაბარზე სარგებლის განაკვეთი იზრდება, ეს ნიშნავს რომ ფულის ფასი, თვითღირებულება იზრდება, რაც ავტომატურად იწვევს სესხის პროცენტის ზრდასაც.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ეროვნული ბანკის როლი. ინფლაციაზე პასუხისმგებელი ქვეყანაში სწორედ ის არის, ამიტომ, როდესაც ფასები იზრდება, ეროვნული ბანკი აძვირებს ფულის ღირებულებას, რეფინანსირების განაკვეთის ზრდით.

ლოგიკა ასეთია: ინფლაციის შესამცირებლად აუცილებელია მიმოქცევაში არსებული ფულის მასის კონტროლი. საპროცენტო განაკვეთის ზრდა ფულს „აძვირებს“, რაც ამცირებს ჭარბ მოთხოვნას ბაზარზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც რეფინანსირება გაიზრდება, გაიზრდება ანაბრის სარგებლის განაკვეთიც და მეანაბრეებს უმცირდებათ ფულის ბანკიდან გამოტანის და დახარჯვის მოტივაცია. ასევე როდესაც რეფინანსირება იზრდება, სესხზე გადასახდელი პროცენტის ოდენობაც იმატებს, რაც განაპირობებს ფულის სესხად გამოტანის სურვილის კლებას. ამ ორი მიზეზით რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ბაზარზე ფულის ტრიალს ამცირებს.

ინფლაციის დროს საპროცენტო განაკვეთის ხელოვნური შემცირება უფრო გაზრდის ინფლაციის დონეს - ეს მიმოქცევაში კიდევ უფრო მეტ ფულს გაუშვებს, რაც ფასებს უფრო მაღლა ასწევს და დააზიანებს, როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებლებს. ამიტომ, საპროცენტო განაკვეთი ამ დროს მოქმედებს როგორც „მუხრუჭი“, რომელიც ქვეყანას ფასების უკონტროლო ზრდისგან იცავს.

 

რა ხდება, როცა სახელმწიფო ფასების ან პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს აწესებს?

გამოცდილება აჩვენებს, რომ პირდაპირი ჩარევა არ იძლევა კარგ შედეგს. როდესაც ფასებს ხელოვნურად ვზღუდავთ, ბიზნესი ვეღარ ფარავს ხარჯებს და პროდუქტი საერთოდ ქრება დახლებიდან. იგივე ხდება სესხებზეც - თუ პროცენტს ხელოვნურად დავწევთ, ბანკები ვეღარ გასცემენ სესხებს, რადგან ფულის მოზიდვის ხარჯებს ვერ დაფარავენ და ვერც რისკებს დააზღვევენ.

ნამდვილი გამოსავალი სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაშია, რომელიც ხელს უწყობს კონკურენციას და გამჭვირვალობას. რაც უფრო სტაბილურია გარემო, გაზრდილია ინვესტიციები და დაბალია ინფლაცია, მით უფრო ნაკლებია რისკის პრემია და მოზიდული რესურსიც იაფდება. სწორედ ეს არის ერთადერთი გზა, რომ იპოთეკური სესხის ის 12% დროთა განმავლობაში ერთნიშნა რიცხვამდე ჩამოვიდეს.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“