„წელს გრიპსა და „გაციებაზე“ მომართვიანობა კლინიკებში შეიძლება ითქვას, რომ არაა გაზრდილი და მეტ-ნაკლებად ისეთივე სიხშირითაა, როგორც იყო წინა წლებში“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრმა ნინო ჭითანავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვების ავადობა სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით წლის განმავლობაში 4 – 8-ჯერ, ოჯახში და-ძმის ყოლის შემთხვევაში კი 10-12-ჯერაც კი მისაღებია. სწორედ ყველა ეს გადატანილი ვირუსული ინფექციები განაპირობებენ ორგანიზმის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას სხვადასხვა ვირუსების მიმართ. პედიატრი ამბობს, რომ სეზონური გრიპისა და ე.წ. გაციებისგან დასაცავად რეკომენდებულია პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, პირზე ხელის ან სხვა დამცავი საშუალების აფარება ხველის, ცემინების დროს და ინფიცირებული ადამიანების იზოლაცია.
ნინო ჭითანავა „კომერსანტს“ დეტალურად ესაუბრა სეზონური გრიპის ვირუსის სიმპტომებზე, საფრთხეებზე, მკურნალობისა და პრევენციის გზებზე.
რა არის სეზონური გრიპი?
ნინო ჭითანავა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი პედიატრი: გრიპი ერთ-ერთი მწვავე რესპირატორული დაავადებაა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია A და B ტიპის ვირუსებით. არის ასევე C ტიპის ვირუსი, მაგრამ ძირითადად ცირკულირებს A და B. გრიპის ვირუსები მთელ მსოფლიოში, ძირითადად, ზამთრის სეზონზე გვხვდება, მეტად მარტის ბოლომდე, და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. სეზონური გრიპი შეიძლება მიმდინარეობდეს საკმაოდ მძიმედ, გართულებებით და ზოგჯერ ფატალური შედეგიც კი ჰქონდეს. ამიტომ, გრიპი სერიოზულ დაავადებად ითვლება.
რა სიმპტომებით ხასიათდება სეზონური გრიპი და როგორ ხდება მისი გავრცელება?
სეზონური გრიპის დროს ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ - ცხელება, თუმცა, არა მუდმივად, ასევე - თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, ზოგჯერ ყელის ტკივილი, სურდო. მეტად ბავშვთა პოპულაციისთვის დამახასიათებელია ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილები - გულისრევა, დიარეა, ღებინება.
გავრცელების გზა არის ჰაერ-წვეთოვანი, ანუ გრიპით ინფიცირებული პირი საუბრისას, ხველის დროს, ცემინებით ავრცელებს ვირუსს გარემოში და ახლოს მყოფ პირებში.
სეზონზე რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს და გაზრდილია თუ არა გრიპისა და „გაციების“ ვირუსის მქონე პაციენტების მომართვიანობა?
როგორც აღვნიშნეთ, რესპირაციული ვირუსული ინფექციების გამო მომართვიანობა წელსაც თითქმის ისეთივე სიხშირითაა, როგორც იყო წინა წლებში, განსხვავებით 2009-2010 წლებისა, როცა იყო პანდემია გამოწვეული H1N1 ტიპის ვირუსით. თვითონ გრიპის ვირუსის ტიპებს რაც შეეხება, მათ აქვთ თავისი სახელები, მაგრამ ამას საზოგადოებისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ლაბორატორიულად დასტურდება გრიპის A და B ტიპის ვირუსების არსებობა.
გრიპისა და „გაციების“ დროს რა შემთხვევაშია რეკომენდებული ანტიბიოტიკის დანიშვნა?
ანტიბიოტიკების დანიშვნა მოწოდებულია მკაცრად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური მიმდინარეობის, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დგინდება ბაქტერიული ინფექციის თანდართვა. სხვა შემთხვევაში, მიუხედავად მაღალი და/ან დროში გახანგრძლივებული ცხელებებისა, ანტიბიოტიკოთერაპია არაა მოწოდებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე და ასევე მისი წინასწარ დანიშვნა ვერ ახდენს ბაქტერიული ინფექციების პრევენციას ვირუსული ინფექციების დროს.
„შესცივდა, ამიტომაა გაციებული და ასეთი გაციება არაა გადამდები“ - ეს მითია, თუ სიმართლე? „უბრალო შეციებით“ შეიძლება დაგემართოს გრიპი, თუ ყველა გაციების და გრიპის მიზეზი ვირუსია?
შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ქართული მითია. ხშირად ამბობენ მშობლები და ახლობლები, რომ ბავშვი მხოლოდ გაციებულია და მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებისა (ხველა, სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი) მიჰყავთ ბაღში, სკოლაში და გასართობად. აუცილებელია ვიცოდეთ და დავიჯეროთ, რომ ნებისმიერი „გაციების“ უკან დგას ვირუსული ინფექცია. უბრალოდ, გრიპის გამომწვევია გრიპის ვირუსები (A,B), ხოლო ე.წ. „გაციების“ მიზეზი არიან დანარჩენი სხვა რესპირატორული ვირუსები, მაგალითად რინოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და სხვ. სწორედ ამიტომაც ე.წ. „გაციება“ ისეთივე გადამდებია როგორც გრიპი და შესაბამისად უნდა მოხდეს ამ დროსაც პაციენტის იზოლირება სხვა ჯანმრთელი ადამიანებისგან.
მედიაში ერთ-ერთი ქართველი ეპიდემიოლოგის კომენტარი გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ სავსებით ნორმალურია, რომ ბავშვს წელიწადში 18-ჯერ შეხვდეს ვირუსი. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
როგორც ცნობილია, ბავშვების ავადობა სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით წლის განმავლობაში 4 – 8-ჯერ, ოჯახში და-ძმის ყოლის შემთხვევაში კი 10-12-ჯერაც კი მისაღებია. სწორედ ყველა ეს გადატანილი ვირუსული ინფექცია განაპირობებს ორგანიზმის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ვირუსების მიმართ (და არა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატები!). ამით აიხსნება ისიც, რომ უფროსები უკვე აღარ ვავადობთ იმ სიხშირით, როგორც ბავშვები. ამიტომ, ბავშვების ამ სიხშირით ავადობა მისაღებია და არ არის საგანგაშო.
ზოგადად, როგორია გრიპის კონტაგიოზურობა, ანუ როდისაა გადამდები პაციენტი?
რაც შეეხება კონტაგიოზურობას ანუ გადამდებლობას, გრიპი გადამდები შეიძლება იყოს დაავადების სიმპტომების დაწყებიდან პირველი 3-4 დღის განმავლობაში, ასევე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრეც. ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო, გადამდებლობა შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდხანსაც - 5-7 დღემდე.
ასე რომ, როგორც კი მშობლები შეამჩნევენ თავიანთ შვილებს ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებს, აუცილებელია მოახდინონ ბავშვების იზოლაცია და არ გაუშვან ავადობის პერიოდში (თუნდაც მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში!!) სკოლაში, ბაღებსა და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში.
რომელია გრიპის მძიმე მიმდინარეობისთვის რისკის ჯგუფები ბავშვებში?
5 წლამდე, მეტად კი <2 წლის ბავშვები წარმოადგენენ რისკ-ჯგუფს სხვადასხვა გართულებებისა და გრიპის მძიმედ მიმდინარეობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ხშირია ჰოსპიტალიზაცია 6 თვემდე ასაკის ბავშვებში. რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ასევე ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში ან სპეციალური მოვლის დაწესებულებებში; რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები - ასთმა, ნევროლოგიური პრობლემები, ანემია, დიაბეტი, თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები. ამ ჯგუფში შედიან აგრეთვე ჰორმონოთერაპიაზე მყოფი პაციენტები. ეს ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებით დაცვას და მკაცრი, პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
რით შეიძლება განვასხვაოთ სეზონური გრიპი გაციებისგან?
ე.წ. გაციებას ახასიათებს თითქმის იგივე ჩივილები, რაც გრიპს, მაგრამ მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. გაციების დროს ცხელება იმდენად ხშირად არ არის, როგორც გრიპის ვირუსის დროს, ცხვირის გაჭედილობა, ყელის ტკივილი და ცემინება უფრო გაციებისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე გრიპის ვირუსისთვის, რაც შეეხება კუნთების, სახსრების ტკივილს, თავის ტკივილს, ზოგად სისუსტეს, ხველას და გულმკერდის არეში დისკომფორტს, ასევე ცხელებას შემცივნებით, ეს ნიშნები მეტად ხშირად გრიპის ვირუსით ინფიცირების დროს გვხვდება ვიდრე სხვა ვირუსების ანუ გაციების დროს.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს სეზონურმა გრიპმა?
გართულებების თვალსაზრისით, ბავშვებში სეზონური გრიპი შეიძლება გართულდეს ყურის ანთება-ოტიტით, ასევე ფილტვის ანთება-პნევმონიით, ლარინგიტით, სინუსიტით, ორბიტალური ცელულიტით, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანებით და სხვ. ხშირად ხდება ასევე იმ ქრონიკული დაავადების გამწვავება, რითაც დაავადებულია პაციენტი.
რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებას?
პაციენტს სიმპტომების დაწყებისთანავე უნდა ქონდეს კონტაქტი პირად პედიატრთან, იქნება ეს სატელეფონო კონსულტაცია დაავადების საწყის ეტაპზე თუ ამბულატორიაში მიმართვა, რათა მოხდეს პედიატრის მიერ პაციენტის ხშირი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში უკვე გადამისამართება კლინიკაში პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის თუ ჰოსპიტალიზაციის მიზნით.
თუ ბავშვი არ იღებს სითხეებს საჭირო რაოდენობით, შესაბამისად შეამცირებს შარდვას, არის მოთენთილი, მივარდნილი ცხელების არქონის პერიოდშიც (ცხელების დროს მოთენთილობა ბუნებრივია), ან ცხელება დამწევს არ ემორჩილება, უჭირს სუნთქვა, ხველა არის შეტევითი, მაშინ რეკომენდებულია ბავშვის გადაყვანა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პირველადი დახმარების გაწევის მიზნით, სადაც რამდენიმე საათიანი დაყოვნების, დაკვირვების, კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხი.
როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან სახლის პირობებში?
პრევენციისთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ როგორც კი შევამჩნევთ, ბავშვს რამე რესპირაციული ჩივილს, იქნება ეს თუნდაც სურდო, ერთეული ხველა ან ცხელება, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მისი იზოლირება, ვინაიდან ის უკვე ინფექციის მატარებელი და გადამდებია. გარდა ამისა, ხველის და ცემინების დროს, აუცილებელია პირზე ხელის აფარება, სასურველია მოზრდი ბავშვებში პირბადის ტარება. ვირუსის დროს სეირნობა სუფთა ჰაერზე (მაგ საკუთარ ეზოში ან იზოლირებულად), ასევე დაბანა შესაძლებელია და ნებადართულია. ხელების ხშირი დაბანა და დეზინფექცია წარმოადგენს ასევე სახლის პირობებში ინფექციის პრევენციას.
პრევენციის მიზნით რამდენად რეკომენდებულია გრიპის აცრის გაკეთება ბავშვებისთვის?
გრიპის აცრა ბავშვებში რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან. ეს რეკომენდაცია სანდოობის მაღალი დონისაა. მე პირადად ვუჭერ მხარს ამ რეკომენდაციას და ვურჩევ ჩემს პაციენტებსაც. მე თავადაც ვიცრები ყოველწლიურად, ვინაიდან ნებისმიერი ასაკის პოპულაციისთვის იმუნიზაცია გრიპისგან დაცვის და გართულებების თავიდან არიდების ერთ-ერთი მთავარი და ეფექტური გზაა.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.