ღვიძლის კიბოზე ადრეული კვლევები დიაგნოზის ადრეულ დასმას, დროულ მკურნალობის საფუძველია, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ბესარიონ რევაზიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ადრეული დიაგნოსტირება უზრუნველყოფს ღვიძლის კიბოს ხანგრძლივ რემისიას.

ბესარიონ რევაზიშვილი აცხადებს, რომ ღვიძლის კიბოზე მომართვიანობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, რადგან მისი სიმპტომები ხშირად სხვა დაავადებების სიმპტომებს ჰგავს და პაციენტები საჭირო კვლევის ჩატარებას აგვიანებენ.

„კომერსანტი“ ბესარიონ რევაზიშვილს ღვიძლის კიბოს სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებზე, რისკ-ჯგუფებისა და იმ რეკომენდაციებზე ესაუბრა, რომელთა გათვალისწინებაც ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტებს აუცილებლად მართებთ.

რა არის ღვიძლის კიბო?

ბესარიონ რევაზიშვილი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი: ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე არის პირველადი და მეორადი. პირველადი ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლის უჯრედებში იწყება და შეიძლება განვითარდეს რამდენიმე ტიპი. პირველადი ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ტიპია ჰეპატოცელულური კარცინომა, რომელიც იწყება ღვიძლის უჯრედებში - ჰეპატოციტებში. მასზე ნაკლებადაა გავრცელებული ჰოლანგიოკარცინომა და ჰეპატობლასტომა.

რაც შეეხება მეორად ღვიძლის ავთვისებიან სიმსივნეს, ეს არის მეტასტაზური სიმსივნე, რომელიც ნებისმიერ სხვა ორგანოში წარმოიქმნება და შემდეგ მეტასტაზების სახით ვრცელდება ღვიძლში გვიან სტადიაზე.

როგორია ღვიძლის კიბოზე მომართვიანობის ტენდენცია ქვეყანაში?

ღვიძლის კიბოზე მომართვიანობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. მისი სიმპტომები ხშირად ჰგავს სხვა დაავადებების სიმპტომებს და პაციენტი თვლის, რომ ეს სხვა დაავადებაა და ამიტომ აგვიანდება ჩვენთან მოსვლა. ვისურვებდით, რომ უფრო ხშირი მომართვიანობა იყოს. ამ დაავადების დასადგენად ძალიან მარტივი კვლევებია ჩასატარებელი - ულტრაბგერით კვლევა და კიდევ ერთი ანალიზი - ალფა-ფოტოპროტეინის განსაზღვრა სისხლში, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა შორს წასული შემთხვევების რაოდენობას.

რა სიმპტომები ახასიათებს ღვიძლის კიბოს?

ხშირად მისი სიმპტომები სხვა დაავადებების სიმპტომებს ჰგავს. ეს შეიძლება იყოს სიმძიმის, ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზემო ნახევარში (უფრო მეტად მარჯვნივ), კანისა და თვალის სკლერების სიყვითლე, ზოგჯერ გულისრევა და ღებინება, უჩვეულო დაღლილობა, სისუსტე, მადის დაკარგვა (უმნიშვნელო რაოდენობის საკვების მიღების შემდეგაც).

რომელია ღვიძლის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები?

ხელშემწყობ ფაქტორებში ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ქრონიკული ჰეპატიტები - B და C ჰეპატიტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშიც ხშირია. თუმცა, ბოლო დროის მკურნალობის ფონზე, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, C ჰეპატიტთან მიმართებაში შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. აგრეთვე არის ქრონიკული ჰეპატიტი და მის ფონზე განვითარებული ციროზი.

ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს - ვინ შეიძლება დაავადდეს ღვიძლის კიბოთი?

B და C ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები, ასევე ხანგრძლივი, ყოველდღიური, უკონტროლო ალკოჰოლის მიმღები ადამიანები, რომელთანაც შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ჰეპატიტი, შემდეგ - ღვიძლის ციროზი.

როგორ ხდება დიაგნოსტირება, რამდენად განკურნებადი დაავადებაა ღვიძლის კიბო და რაზეა დამოკიდებული განკურნების შანსები?

დიაგნოსტირებისთვის უნდა გაკეთდეს მარტივი ექოსკოპია, რომლითაც საშუალება გვეძლევა ვიპოვით ღვიძლში სიმსივნური წარმონაქმნი. ასევე საჭიროა სისხლში ონკო-მარკერის -  ალფა-ფოტოპროტეინის განსაზღვრა. ეს 2 კვლევა ითვლება ღვიძლის კიბოს სკრინინგ-კვლევებად. რომელიც რისკ-ჯგუფების პაციენტებმა 6 თვეში ერთხელ უნდა გაიკეთონ. ამით მიღწეული იქნება ადრეული დიაგნოსტირება და გაცილებით უკეთესი შედეგი. ღვიძლის კიბოს დიაგნოსტირებისას ასევე გამოიყენება კომპიუტერული, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია და, საბოლოო დასკვნისთვის, - ბიოფსიური მასალის, ღვიძლიდან აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიურ კვლევა.

ამ დაავადების დროს შეიძლება მიღწეული იქნას ხანგრძლივი რემისია. ამის საფუძველია სწორედ ადრეული დიაგნოსტირება და სკრინინგ კვლევებში მონაწილეობა.  ვგულისხმობთ მუცლის ულტრაბგერით კვლევას და სისხლში ალფა-ფოტოპროტეინის განსაზღვრას. შორს წასულ შემთხვევებში შედეგი გაცილებით უარესია. ადრეულ ეტაპზე მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება მიღწეულ იქნას, ძალიან კარგი შედეგი.

რა შემთხვევაში ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა?

ეგეც გვიან მომართვიანობას უკავშირდება. სამწუხაროდ, ქირურგიულ ჩარევას მხოლოდ  შემთხვევების დაახლოებით 20%-ში ვახერხებთ, დანარჩენები უკვე შორს წასულ შემთხვევებად განიხილება. ქირურგიული ჩარევა გულისხმობს ღვიძლის ნაწილის მოკვეთას, რომელიც ოქროს სტანდარტად, რადიკალურ მეთოდად ითვლება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ ხანგრძლივ რემისიაზე. ამავე დროს, განსახილველია შესაძლო ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ღვიძლის რაოდენობრივი მოცულობა და ფუნქციური ხარისხი. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როცა საუბარია ციროზიან და ჰეპატიტიან ღვიძლზე, ოპერაციის უკუჩვენება ნარჩენი ღვინის დეფიციტი და მისი მძიმე ფუნქციური მდგომარეობა შეიძლება გახდეს. და ისევ ვუბრუნდებით ადრეულ მომართვიანობას - პაციენტმა რაც შეიძლება ადრე უნდა ჩაიტაროს სკრინინგ კვლევები, რომ ადრე მოხდეს დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

ღვიძლის კიბოს მკურნალობის რა მეთოდები არსებობს კლინიკანიუ ჰოსპიტალსში“?

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ საკმაოდ კარგადაა აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, პროფესიონალთა გუნდით და შესაძლებლობა გვაქვს, ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, ჩატარდეს როგორც ოპერაციული მკურნალობა, ანუ ქირურგიული ჩარევა, ასევე მინი-ინვაზიური ჩარევები და იმუნოთერაპიული მკურნალობაც.

რა რეკომენდაციები გაქვთ პაციენტებისთვის, ვინც წარმოადგენენ ღვიძლის კიბოს რისკ ჯგუფს ან აქვთ გარკვეული სიმპტომები?

ვურჩევ, 6 თვეში ერთხელ ჩაიტარონ ულტრაბგერით კვლევა და ალფა-ფოტოპროტეინის განსაზღვრა. ამით დაიცავენ საკუთარ თავს დაგვიანებული დიაგნოზისგან და დაგვიანებული მკურნალობისგან. დიდ სირთულეს არ წარმოადგენს 6 თვეში ერთხელ, თუნდაც ჩვენს კლინიკაში მოსვლა, სადაც ჩატარდება ეს 2 კვლევა. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება რისკ-ჯგუფის პაციენტებს. ამას გარდა, ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, ისევე აქტუალურია ცხოვრების ჯანსაღი წესი, როგორც სხვა დაავადებების დროს. რაც გულისხმობს - ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშს, ჯანსაღი საკვების მიღებას, გადაჭარბებული საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის დაცვას და, ზოგადად, აქტიურ ცხოვრებას.