ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამეგრელოში, ორი ახალი სპორტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა. 

ზუგდიდის მრავალფუნქციური კომპლექსი 1000 მაყურებელზე იქნება  გათვლილი და გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს,  ჩოგბურთის და პადელის კორტებს. 

სენაკში კი დაგეგმილია  ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახურული საცურაო აუზის  აშენება. გათვალისწინებულია არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, სპორტული და საბავშვო აუზების,  სავარჯიშო დარბაზების, გასახდელების და  ფიზიოთერაპიის  სივრცეების მოწყობა.

ორივე  კომპლექსში უნდა განთავსდეს  სამედიცინო და  ადმინისტრაციული ოთახები, საკონფერენციო დარბაზები და კომერციული სივრცეები. ასევე, მოეწყოს თანამედროვე ავტოსადგომები, უსაფრთხოებისა და განათების სისტემები.

ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსისა და სენაკის აუზის პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.