ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა ამბიციური გეგმა განიხილეს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტში უნდა მიაღწიონ. თუმცა, როგორც  Reuters-ი იუწყება, ტერიტორიულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, ეს ვადა სავარაუდოდ გადაიწევს.

განხილული ჩარჩო-შეთანხმების თანახმად, ნებისმიერი გარიგება უკრაინელმა ამომრჩეველმა რეფერენდუმზე უნდა დაამტკიცოს, რომელიც საყოველთაო არჩევნების პარალელურად გაიმართება, - ამის შესახებ გამოცემა ხუთი ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო წერს.

"როიტერის" წყაროების ცნობით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს შესაძლებლობა, რომ არჩევნები და რეფერენდუმი მაისში ჩატარდეს, თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ვადებს "არარეალისტურს" უწოდებს.

უკრაინული მხარის გათვლით, არსებულ პირობებში არჩევნების ორგანიზებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება. არჩევნების ჩატარებას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებაც, რადგან საომარი მდგომარეობის დროს კენჭისყრა აკრძალულია. პროცესი დიდ ხარჯებსაც მოითხოვს.

რეფერენდუმის სანდოობის დასაცავად უკრაინა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და აცხადებს, რომ კრემლს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე შეთანხმებული პირობის დარღვევის ისტორია აქვს.