ზანგეზურის დერეფანი არ იქნება, იქნება „მშვიდობის გზაჯვარედინი“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა განმარტა, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ნიშნავს.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის მტკიცებით, თურქეთისთვის შუა დერეფნის დღის წესრიგი მნიშვნელოვანია.

ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ის სრულად შედის შუა დერეფანში, რომელსაც თურქეთი იცავს და ხელს უწყობს.

„ჩემთვის აშკარაა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი შეიძლება იყოს „შუა დერეფნის“ პროექტის ნაწილი და ის ამ ლოგიკაში ჯდება. სომხეთის გვერდის ავლით გადაადგილება თუ სურთ, კეთილი, გადაადგილდნენ. ეს ცუდია? ჩვენ თვითონ ვთავაზობთ ამას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამავდროულად, ფაშინიანმა ყველას მოუწოდა, მზად იყვნენ იმისთვის, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ გახსნის შემდეგ აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადებს.

აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობის პარალელურად, სომხეთი თურქეთთანაც ცდილობს ურთიერთობა "დაალაგოს".  ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობები ნულიდან დაიწყო.

"ფაქტობრივად, ეს ახალი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობაა და ეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეობს," – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის სომხურ თემთან შეხვედრაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, მიმდინარე პროცესი რეალურად დაიწყო თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან 2022 წელს პრაღაში პირველი შეხვედრით, რის შემდეგაც სომხეთსა და თურქეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დიალოგი დაიწყო, რომელიც შემდეგ გაგრძელდა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აქტიური კონტაქტებით.

„წინა პერიოდისგან განსხვავებით, თურქეთთან ჩვენი კონტაქტები ახლა ძალიან ინტენსიურია. ჩვენი დისკუსიები გარკვეულ გავლენას მოახდენს შემდგომი მოვლენების განვითარებაზე და ახალ იმპულსს მისცემს სომხურ-თურქულ ურთიერთობებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს ურთიერთობები სომხეთსა და თურქეთს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებად ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.