ყაზბეგის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ არის მიღებული და დოკუმენტზე მუშაობაც შეჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საკრებულოს მიერ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, თუმცა ამ ეტაპზე დოკუმენტზე მუშაობა შეჩერებულია და როდიდან გაგრძელდება ცნობილი არ არის.

,,სტეფანწმინდისა და გერგეთის განაშენიანების კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, მაგრამ საბოლოო დოკუმენტი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული - ბევრი ხელისშემშლელი წვრილმანი იყო.

ჩემი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერება გაჭირდა, მოსახლეობის ნაწილს სამშენებლო ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთები ჰქონდათ; არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევამაც დაგვაკარგინა დრო",- გვითხრა სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური ხელმძღვანელმა ჯემალ სუჯაშვილმა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს რეგიონალური და ეროვნული ეკონომიკის სექტორების სხვადასხვა მიდგომებს შორის საერთო და მდგრადი წონასწორობის პოვნის საჭიროებას, მუნიციპალური, თემური და სოფლის სივრცეების რაციონალურ დაგეგმვას და გამოყენებას, ტერიტორიების მდგრადი განვითარების მიზნით. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ეთნო-კულტურის შენარჩუნებას, მუნიციპალიტეტის სამომავლო მდგრად და ჰარმონიულ ეკონომიკურ განვითარებას მუნიციპალიტეტში მატერიალური დოვლათის შექმნის გზით და ამ კუთხით, მსოფლიოში ცნობადობის მოპოვებას“.