დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა ჯუთა–როშკა–ომალოს დამაკავშირებელ ბილიკზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოში მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტის კეთილმოწყობა, რომელიც აკავშირებს სამ ეროვნულ პარკს — ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის — დასრულების ეტაპზეა. ბილიკი საცხენოსნო და საფეხმავლოა და მისი სიგრძე 204 კილომეტრამდეა. დასრულების შემდეგ, მოლაშქრეებს ბილიკზე დახვდებათ 7 კეთილმოწყობილი ტურისტული თავშესაფარი და 3 სრულად აღჭურვილი საფეხმავლო მარშრუტი.
მოგზაურებს ბილიკი უნიკალური შესაძლებლობას მისცემს, აღმოაჩინონ სამივე ეროვნული პარკის გამორჩეული ბუნება და შთამბეჭდავი ლანდშაფტები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.