ლუკა ხარატიშვილის დამატებას თურქეთის სუპერლიგის კლუბი „ეიუფსპორი“ ცდილობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ajansspor-ი ავრცელებს.
„სუპერლიგის „ეიუფსპორმა“ ბათუმის „დინამოსთან“ მეკარე ლუკა ხარატიშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო. „ეიუფსპორმა“ უკვე ოფიციალური წინადადებით მიმართა როგორც ბათუმის „დინამოს“, ასევე – თავად ქართველ მეკარეს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ლეგიონერებზე დაწესებული 12+2 წესი მოქმედებს. ეროვნული ნაკრების 22 წლის მეკარე ამ წესს ექვემდებარება“, – წერს თურქული გამოცემა.
ხარატიშვილმა წელს ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა. ის იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, მან ხორვატიასთან პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში, პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია და გუნდს ევრო 2025-ის საგზური მოუტანა.