„ვერც 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის, ვერც მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა ვერ აჩერებს ავტომობილების მზარდ კოეფიციენტს,“ - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 870 657 ერთეული შეადგინა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ავტომობილების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და ამტკიცებს, რომ ყველაზე მოქნილ სატრანსპორტო საშუალებად მაინც კერძო ავტომობილები რჩება.


„ბევრი წლის წინ, როდესაც ამ სატრანსპორტო პოლიტიკას მივადექით, რომელშიც ახლა ვართ და ითქვა, რომ ამ გზით, ავტომობილების რაოდენობა განახევრდებოდა, მინიმუმ შემცირდებოდა მაინც, ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდოდა, მაშინაც აღვნიშნე, რომ ეს გზა არ მიგვიყვანს მაგ შედეგამდე.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გეგმას რომ ჩახედოთ, იქ წერია, რომ 2043 წელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, სულ რაღაც 2%-მდე იზრდება და არა მნიშვნელოვნად. ეს პოლიტიკა ასევე გათვლილი იყო, რომ 8%, ვინც ახლა ავტომობილებზე ზის გადავიდოდა ველოსიპედზე, რაც დაახლოებით, 88 ათასი კაცი იყო მაშინდელი მონაცემებით. მაგაზეც ვთქვი, რომ თბილისი არ არის ისე მოწყობილი, ამდენი ველოსიპედი მიიღოს (შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ავტომობილების უდიდესი ნაწილიც სწორედ თბილისში მოძრაობს).

პატარ-პატარა დასახლებებით მოწყობილი ქვეყანა ვართ და ყველა ვარიანტში დაგვჭირდება სატრანსპორტო საშუალებები. ნებისმიერ საქმეს რომ მიადგე და ფული იშოვო, ყველა ვარიანტში გჭირდება რომელიღაც სახეობის სატრანსპორტო საშუალება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თუნდაც საქალაქთაშორისოთი, შორს ვერ წახვალ, მაშინ ისე უნდა გადააწყო, რომ ერთი დარგის კომუნა, ერთ უბანზე იყოს აწყობილი, რაც ფიზიკურად ვერ გამოდის. ბევრი დეტალია, მათ შორის ისიც, რომ ქალაქის ცენტრი იზრდება სიმაღლეში და ა.შ.

წლების შემდეგ მივიღეთ ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს. საბოლოო ჯამში, ვერც 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის, ვერც მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა ვერ აჩერებს ავტომობილების მზარდ კოეფიციენტს. ბუნებრივია, რომ ყველაზე მოქნილ სატრანსპორტო საშუალებად მაინც კერძო ავტომობილები რჩება. ეს არის ძირითადი მიზეზი, ავტომობილების მზარდი სტატისტიკის.

ისე უნდა იყოს სატრანსპორტო პოლიტიკა მოწყობილი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს უფრო მოქნილი, უფრო სწრაფი, ოჯახთან ერთად გადადგილების შემთხვევაშიც რომ გიქმნიდეს შესაბამის პირობას. არსებობს ევროპული ქალაქების ბევრი მაგალითი, როგორ არის იქ აწყობილი ეს სისტემა და მეც არაერთი მათგანი მოვიყვანე... მაგრამ ახლა უკვე ვართ ამ გზაზე და ამის გაჩერება თითქმის შეუძლებელია. ფაქტია, არსებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებით წავედით ჩიხისკენ. მე ადრეც ვთქვი, როდესაც ჩიხისკენ მიდიხარ, არ არის სამარცხვინო, რომ გაჩერდე, გამობრუნდე და სხვა მიმართულებით წახვიდე და, არა ჯიქურად, მიდიოდე პირველად არჩეულ გზაზე, რომ ეს გზა ბოლოს სამშვიდობოს გაგვიყვანს. რეალურად, ფაქტია, რომ ამ გზამ სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანა“,- ამბობს მევლუდ მელაძე.

www.bpn.ge