ვაზიანის აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და გაფართოების მიზნით ღონისძიებების განხორციელების შესახებ მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

მიმდინარე წლის 27 მარტის 637-ე განკარგულებით, ცვლილებები შევიდა „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა" და შპს „საქაერონავიგაციის" მიერ ვაზიანის აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაფართოების მიზნით განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №1054 განკარგულებაში.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვაზიანის ახალ აეროპორტამდე შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა დაავალა.

„დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ განკარგულებიდან გამომდინარე წამოჭრილი საკითხების შესწავლის მიზნით, უწყებათშორისი კომისიის შექმნა მინისტრების მოადგილეების დონეზე, შემდეგი უწყებების მონაწილეობით:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი“, - წერია განკარგულებაში.