„ვაზიანის აეროპორტის აშენება უკვე გამორიცხულად მეჩვენება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავიაციის სფეროს ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობას ეჭვქვეშ აყენებს 150 მლნ დოლარის ღირებულების ინვესტიციას, რომლის განხორციელებაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება.
შეგახსენებთ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ფრანგული Groupe ADP-ის წევრ „ტავ ჯორჯია“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2031 წლამდე გახანგრძლივდა. ხელშეკრულების მიხედვით, მომდევნო წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.
როგორც იასე ზაუტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, წარმოუდგენელია, მსგავსი მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, „ტავ ჯორჯია“-მ საქართველოს ბაზარი დატოვოს.
„რამდენიმე წლის წინ, მოულოდნელად გაჩნდა ახალი თემა, ვაზიანის ტერიტორიაზე აშენებულიყო თანამედროვე აეროპორტი. ბუნებრივია, ამას ყველანი მივესალმეთ. ძალიან კარგი იდეაა, მით უმეტეს, როცა რეგიონში ყველა ქვეყანას ჩამოვრჩებით ამ კუთხით. არც კი ვსაუბრობ თურქეთსა და აზერბაიჯანზე, სომხეთზე უარესი აეროპორტიც კი გვაქვს. ამიტომაც, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის აშენება იყო და ჯერ კიდევ არის ძალიან სწორი იდეა.
დაანონსდა კიდეც, რომ 2027 წელს ამ აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყებოდა, თუმცა, ამ დროს ხდება ასეთი რამ - „ტავ ჯორჯია“ კვლავ გამოთქვამს სურვილს, საქართველოში დარჩენის შესახებ. ჩვენც თანმხობას ვეუბნებით, რომ 5 წელიწადი კიდევ დარჩნენ ქვეყანაში. ამის სანაცვლოდ, „ტავ ჯორჯია“ აპირებს, 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს არსებულ აეროპორტში.
ალბათ ყველას გვებადება ლოგიკური შეკითხვა, 150 მილიონ დოლარს დახარჯავს ეს კომპანია საქართველოში აეროპორტის მოდერნიზირებაზე და შემდეგ ქვეყნიდან გავა?! აქ საუბარი ეხება ტერმინალის გაფართოებას, გეითების დამატებას, ასაფრენი ბილიკის მოდერნიზებას, შიდა სერვისების დახვეწას და ა.შ. ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, ამ ყველაფრის პარალელურად, 2031 წლისთვის თუ გვექნება ახალი აეროპორტი ან დასრულების ეტაპზე იქნება, „ტავ ჯორჯია“ აიკრეფს გუდანაბადს და საქართველოდან წავა?! სწორედ აქედან გამომდინარე უკვე გამორიცხულად მეჩვენება, რომ საქართველოში ვაზიანის ახალი აეროპორტი აშენდება.
პერსპექტივაში უფრო ვხედავ იმას, რომ „ტავ ჯორჯია“ საქართველოში დარჩება ძალიან დიდი ხნით. ოფიციალურად განაცხადეს ისიც, რომ მათ აქვთ ამბიცია, ახალი აეროპორტის მშენებლობაშიც მიიღონ მონაწილეობა, თუ ასეთი იქნება. ყოველ შემთხვევაში ან 150 მილიონი დოლარი არ უნდა დაიხარჯოს არსებული აეროპორტის მოდერნიზებაზე ან თუ დაიხარჯება, ვაზიანის ახალი აეროპორტი აღარ გვექნება.
ამასთან, ვიტყვი იმასაც, რომ თუ ინვესტიცია განხორციელდება არსებულ აეროპორტში, მგზავრთა სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ამას მივესალმები. რასაკვირველია, ცუდი არ იქნება კოლაფსი რომ არ შეიქმნას, შეგვეძლოს 3-4 რეისი ერთდროულად მივიღოთ, შიგნით არ იყოს ანტისანიტარია და მგზავრებს ერთმანეთზე არ ეძინოთ, თუმცა, ბილიკის დაგრძელების კუთხით ამ აეროპორტს პერსპექტივა არ აქვს. აეროპორტს ორივე მხრიდან აკრავს ხევი და ის მეტად ვერ დაგრძელდება.
საინტერესოა, უნდა ვნახოთ, რა პროექტია, რას გვთავაზობენ არსებული აეროპორტის დახვეწა-განვითარების კუთხით. საინტერესოა ისიც, როდის დაიწყება ამ ინვესტიციის განხორციელება, რა პერიოდი დასჭირდება ამ ყველაფერს. ერთ წელიწადში ხომ ვერ დაიხარჯება ეს თანხა?! თუ თანხის დახარჯვას დასჭირდა 2-3 წელიწადი, შემდეგ ინვესტიციებს ამოღება უნდა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ უფრო შორეულ და შორეულ პერსპექტივაში გადადის ვაზიანის ააეროპორტის მშენებლობა, რაც ძალიან დასანანია“, - განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვაზიანთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. როგორც ოფიციალური პირების განცხადებებიდან ირკვევა, ახალი აეროპორტის მეშვეობით მგზავრთნაკადი 18 მილიონამდე გაიზრდება. აეროპორტის გახსნა 2031 წელს არის დაგეგმილი, იქამდე კი ოფიციალური პირები საუბრობდნენ, რომ ვაზიანთან ახალი აეროპორტი 2028 წლისთვის აშენდებოდა.