უამინდობისა და დიდთოვლობის გამო საქართველოში რამდენიმე საავტომობილო გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაკეტილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი–ბეშუმის საავტომობილო გზა.

შეზღუდვებია დაწესებული მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზეც. თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე (კმ93–კმ107) დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისა და სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, ლარსის გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.