ევროკომისია ახალი სტრუქტურის – ევროკავშირის სანქციების ოფისის (EUSO) შექმნას აანონსებს. უწყების მიზანი ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის კოორდინაცია, შეზღუდვების აღსრულების კონტროლი და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
ევროკომისიის ინფორმაციით, ახალი სტრუქტურა მუდმივმოქმედი შიდა უწყების სახით ჩამოყალიბდება და სანქციების სრულ ციკლს გააკონტროლებს. ეს მოიცავს როგორც ახალი შეზღუდვების შემუშავებას, ისე მათი შესრულების მონიტორინგსა და მესამე ქვეყნების მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებზე რეაგირებას.
უწყების შექმნის მთავარი მიზანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციების უფრო თანმიმდევრული და ეფექტიანი აღსრულებაა.
ამასთან, ევროკომისია ევროკავშირის კრიპტოსანქციების სამუშაო ჯგუფის შექმნასაც აანონსებს. როგორც ევროკომისარმა ალბუკერკემ განაცხადა, ინიციატივა მიზნად ისახავს კრიპტოაქტივების გამოყენებით ევროკავშირის ფინანსური სანქციების გვერდის ავლის მცდელობების გამოვლენასა და აღკვეთას.
მისივე განმარტებით, გეოპოლიტიკური გარემოს გართულების ფონზე ევროკავშირს სანქციების გვერდის ავლის ახალი მეთოდების გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება სჭირდება.