ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხაში მდებარე ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცეში შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური და ეკოლოგიურად მდგრადი რეკრეაციული გარემო.
მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით დაიგეგმება პარკის საბავშვო და დასასვენებელი ზონები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელი.
პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები.
წალენჯიხის პარკში დაგეგმილია, ასევე, ინფრასტრუქტურის სრულად განახლება, შადრევნების, სარწყავი, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.
პროექტირების ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარკის ადგილობრივი სახეობების მცენარეებით გამწვანებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს