თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის და დეპოს პროექტირება-მშენებლობის ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 416.6 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო. მონაწილეთა შორის სამი თურქული და ერთი ჩინური მუნიციპალური კომპანიაა. მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი წარადგინა თურქულმა კომპანია DOGUS INSAAT VE TICARET A.S.-მა 412.6 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი კი ასევე თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მ 287.6 მილიონი ლარის ოდენობით, რაც სატენდერო ფასზე 129 მილიონი ლარით ნაკლებია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახლა კომპანიების წინადადებები და მათი გამოცდილებები უნდა შეამოწმოს, რაც მსგავსი პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას მოიცავს. თუკი გაირკვევა, რომ რომელიმე კომპანიას არ აქვს ტრამვაის ხაზის დაპროექტება/მშენებლობის გამოცდილება, ტენდერიდან მათი დისკვალიფიკაცია მოხდება.
კომპანიების წინადადებები ასე ნაწილდება:
- DOGUS INSAAT VE TICARET A.S. (თურქეთი) - 412,628,931 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ გაყვანილი აქვთ სტამბულის მეტროს 53-კილომეტრიანი ხაზი და 16 სადგური. ასევე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მეტროს მეორე ხაზის სამშენებლო პროექტი. საუდის არაბეთის ქალაქ რიადის მეტროს ხაზი; ინდოეთის ქალაქ მუმბაის მეტროს მესამე ხაზი; ასევე ქალაქ სტამბულში ემიმონუდან-ალიბეიკოიმდე ტრამვაის ხაზი;
- Wuhan Municipal Construction Group Co., Ltd. (ჩინეთი. მუნიციპალური კომპანია) - 397,470,472 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათი საქმიანობა ძირითადად ქალაქ ვუჰანის საინჟინრო სერვისების მიწოდებას წარმაოდგენს, რაც მოიცავს მეტროს და ტრამვაის ხაზის პროექტირება მშენებლობას.
- YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ (თურქეთი) - 332,449,164 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ განხორციელებული აქვთ თურქეთის კალაქ კაისერის ტრამვაის 5.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობის სამუშაოები.
- EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi (თურქეთი) - 287,654,321 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ განხორციელებული აქვთ სტამბულის ემიმონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რაც მოიცავდა ლიანდაგებისა და ელექტროგაყვანილობის მოწყობას. ასევე ქალაქ ესკეშეჰირის 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზი, ასევე ქალაქ ანტალიას ტრამვაის ხაზის ელექტრიფიკაციის სამუშაოები.
დიდუბე-დიდი დიღმის ტრამვაის ხაზი
დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის და ტრამვაის დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომელიც ჯერ იანვრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა და მისმა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია. ტენდერის ვადის გაგრძელების უმთავრესი მიზეზი უკავშირდებოდა კომპანიებისთვის სათანადო ვადის მიცემას რათა საკუთარი წინადადებები მოემზადებინათ.
ვრცლად: bm.ge