ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ ვაზიანის აეროპორტი ძალიან კარგი იდეაა, რადგან ქვეყანას აუცილებლად სჭირდება დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების მქონე აეროპორტი, თუმცა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდა, რომ TAV Georgia აპირებს საქართველოში კიდევ 5 წლით დარჩეს და 150 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელოს თბილისის აეროპორტში, იმას ნიშნავს, რომ ვაზიანის აეროპორტის პროექტი არ განხორციელდება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ 150 მილიონი დოლარის დახარჯვას 1-2 წელი მაინც დასჭირდება. ამდენად, ის გამორიცხავს, რომ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, TAV URBAN ბაზრიდან გავიდეს.
„გამოვრიცხავ, რომ დახარჯონ, ინვესტიცია განახორციელონ და 3-5 წელიწადში ქუდი დაიხურონ და თქვან, გავედით აქედან და გზას ვაზიანის აეროპორტს ვუთმობთო. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ვაზიანის პროექტი შეჩერდება, TAV URBAN კი დარჩება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველად“, - აცხადებს იასე ზაუტაშვილი.
მისივე თქმით, TAV URBAN-ის მხრიდან აქამდე არასოდეს არანაირი დამატებითი თანხების დახარჯვაზე საუბარი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში საკმაო პრობლემები იდგა.
„ამ აეროპორტს ელემენტარულად სატრანზიტო დერეფანი არ გააჩნია, კოლაფსში ვარდება მაღალი სეზონის პირობებში და 3 და 4 რეისის ერთდროულად მიღება არ შეუძლია, შიგნით სერიოზული დისკომფორტია. დღესაც კი ერთი ტერმინალი იქნებოდა თბილისის აეროპორტში, რომ არა 2014 წელს ევროპული კომისიის დასკვნა, რომელმაც მკვეთრად უარყოფითად შეაფასა TAV URBAN-ის მომსახურება და უბრალოდ, იძულებული გახადა, შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა. მას შემდეგ დღემდე ფაქტობრივად, აღარაფერი გაკეთებულა. 2027 წელს რადგან ხელშეკრულება ეწურებათ, იმიტომაც ამბობენ, რომ მზად არიან, ინვესტიცია განახორციელონ, რადგან ძალიან მომგებიანი და სარფიანი პროექტია საქართველოში ყოფნა“, - აღნიშნავს ავიაციის ექსპერტი.
იასე ზაუტაშვილი გამორიცხავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზების პარალელურად ვაზიანის აეროპორტიც აშენდეს, რადგან მისი თქმით, 15 კილომეტრის რადიუსში ორი აეროპორტის ქონა ნონსენსია.
„საქართველოს შეუძლია, ჰაბის ფუნქცია შეასრულოს, რომელიც სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე თურქეთმა შეიწოვა. იმისთვის, რომ ჰაბის ფუნქცია შევასრულოთ, პირველი აუცილებლობა - ეს არის შესაბამისი აეროპორტი. გასაგებია, რომ არ იქნება ხვალ და ზეგ 15 და 20 მილიონი მგზავრი, იქნება 7 და 8 მილიონი, მაგრამ წარმოიდგინეთ, 15 წლის წინ სულ რაღაც 250 ათასი მგზავრი იყო და ამ ნიშნულამდე ავედით. ვაზიანის ტერიტორია კარგი ტერიტორიაა. თუმცა ის გამორიცხეთ, რომ 15 კილომეტრის რადიუსში 2 აეროპორტი გვექნება, ეს ნონსენსია“, - აღნიშნავს იასე ზაუტაშვილი.