2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით მეტია.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე აღნიშნავს, რომ სექტორს მართლაც რეკორდული ზრდა აქვს.
სულაბერიძის განმარტებით, ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველ რიგში, საქართველოში არსებობს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებს ტექნოლოგიურ სექტორში შესაძლებლობა აქვთ, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ, რამაც „ბუსტი“ მისცა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში გადმოსულიყვნენ და ოპერირება აქედან გაეწიათ. მეორე ფაქტორია ის, რომ სექტორი ძირითადად დამოკიდებულია არა შიდა ბაზარზე, არამედ ექსპორტზე.
„თუ გადავავლებთ თვალს ზოგად სურათს, რეალურად სექტორმა განვითარება 2022 წლის შემდეგ დაიწყო. იქამდეც იყო გადადგმული გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ თუ ციფრებს გადავხედავთ, სექტორის ექსპორტი 2022 წლამდე დაახლოებით 100 მილიონ დოლარამდე იყო, როცა დღეს 800 მილიონი დოლარი გვაქვს. რა თქმა უნდა, სექტორის დიდი მამოძრავებელი ძალა, რამაც საქართველოში ის გაზარდა, არის ომი, რის შედეგადაც ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში ოფისები დახურეს. კომპანიებთან ერთად გადმოვიდნენ მიგრანტებიც. მოგვიანებით მიგრანტების რაღაც ნაწილი საქართველოდან გავიდა, თუმცა რადგან დღესაც ვხედავთ, რომ სექტორი კვლავ მზარდია, ეს მხოლოდ გარე ფაქტორებით აღარ არის განპირობებული, საქართველომ უკვე შიდა რესურსებით შეძლო, ტექნოლოგიურ სექტორში მზარდი ტენდენცია შეენარჩუნებინა“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
თორნიკე სულაბერიძე აღნიშნავს, რომ სექტორში მომუშავე კომპანიები ძირითადად, ამერიკაზე არიან კონცენტრირებულები. შემდეგ მოდის დასავლეთ ევროპა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.
„მოკლე პერიოდში საქართველო უკვე გაჩნდა რუკაზე, როცა ჩვენს ქვეყანას საერთოდ არავინ განიხილავდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თუ კომპანია გაფართოებაზე მსჯელობს და სურს, რომ ოფისი გახსნას აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელზეც ისინი იმსჯელებენ. ეს განპირობებული არის კანონით, რომელიც მოქმედებს, იმ რეალობით, რაც დღეს დადგა ქვეყანაში და უკვე 52 ათასამდე ადამიანია დასაქმებული სექტორში, როცა 5 წლის წინ 10 ათასიც არ იყო. ასევე, კომპიუტერულ მეცნიერებებზე დღეს 12 ათასამდე ადამიანი სწავლობს მაშინ, როცა 7-8 წლის წინ იყო 1500 ადამიანი. ჩვენს სექტორში მთავარი კვალიფიციური კადრია. ჩვენი პოტენციალი სრულადაც რომ ავამოქმედოთ, მაინც არ ეყოფა მოთხოვნას, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე არსებობს. სწორედ ამიტომ ჩვენი პოზიციონირება უნდა მოხდეს როგორც ტექნოლოგიური ჰაბის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. ამ მესიჯით უნდა წარვდგეთ ყველა გამოფენასა თუ საერთაშორისო კონფერენციაზე“, - აღნიშნავს თორნიკე სულაბერიძე.