ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP, რომელიც საერთაშორისო აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია  მსოფლიო ბაზარზე, თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის ფარგლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია,“ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განახლებული პირობებით გააგრძელებს.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფილიპე პასკალი, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და სხვა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმოადგენს მაღალი ნდობისა და საერთო სტრატეგიული ხედვის საფუძველზე ჩამოყალიბებულ პარტნიორობას, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით. სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ შორის არსებული 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა პარტნიორობის ახალი, გაფართოებული ეტაპის საფუძვლად იქცა, რაც მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგრად განვითარებას, მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და საქართველოს, როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბის პოზიციის განმტკიცებას.

აღნიშნული თანამშრომლობის შედეგია უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP განახორციელებს.  2027–2031 წლებში ფრანგი პარტნიორები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც  ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს,  რაც 2031 წელს, ახალი სართაშორისო აეროპორტის ამოქმედებამდე ოპერირების განახლებული პირობებითა და გაუმჯობესებული მიდგომებით გაგრძელებას ითვალისწინებს.

ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.

ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.

აღნიშნული ინვესტიცია მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას, მისი ოპერაციული შესაძლებლობების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას და საქართველოს, როგორც რეგიონული ავიაციური ჰაბის პოზიციის გაძლიერებას. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, გაზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესმობილობის განვითარებას და შექმნის დამატებით ეკონომიკურ სარგებელს სახელმწიფოსთვის.

სახელმწიფოსა და ფრანგულ Groupe ADP-ს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიის მიმართ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.