თბილისი-რუსთავის, თბილისი-აეროპორტის, თბილისი-ლილოსა და თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელი საქალაქო მატარებლის პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი 20 ივლისამდე გაგრძელდა. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მიიღეს.

ტენდერი 13 მაისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) სისტემაში გამოქვეყნდა და პროექტი სწორედ ამ ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეაფასოს პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა, ასევე მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი, სადგურების განთავსების, ინფრასტრუქტურისა და დაფინანსების მოდელები.

კვლევა მოიცავს თბილისის აგლომერაციის სარკინიგზო კავშირების განვითარებას რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებებით. საბოლოო ანგარიში მომავალში პროექტის შესაძლო დაფინანსებისა და განხორციელების საფუძველი უნდა გახდეს.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებისთვის გამარჯვებულ კონსულტანტს 8 თვე ექნება.