სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეკონსტუქციისთვის მთავრობა დროებითი ღონისძიებების შემოღებას გეგმავს.

შესაბამისი ინიციატივა ასახულია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებში, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.

უწყების განმარტებით, დროებითი ღონისძიებების შემოღება ხელს შეუწყობს, რომ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა იყოს მეტად მოქნილი და მიწის ნაკვეთის არსებულ რესურსზე მორგებული.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ადრეული, სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე გამწვანების კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შემცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, განაშენიანების რეგულირების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესი და სხვა მოთხოვნები) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იქნეს შეტანილი. აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ჯანსაღი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების გაუარესებას.

გარდა ამისა, ხსენებული ღონისძიებების გამოყენებისას, განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, ძირითადი დებულებებით დამტკიცებულისგან განსხვავებული წესით. ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტში ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა.

პროექტის თანახმად, დროებითი, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება საჯარო დაწესებულებებს 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ.

„ბაგა-ბაღებისა და სკოლების მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, ისევე როგორც შესაბამისი პროფილის არსებული შენობები, რომელთა რეკონსტრუქციაც ხორციელდება, ხოლო ხშირ შემთხვევაში სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, უმეტეს შემთხვევაში, განთავსებულია მცირე ზომის მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ კანონმდებლობით დადგენილი გარკვეული პარამეტრების დაკმაყოფილებას და შეუსაბამოა მოქმედ განაშენიანების რეგულირების წესებთან. არსებული რეალობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, იმავე არეალებში არ არის დამატებითი ან ალტერნატიული მიწის ნაკვეთების რესურსი, რომ მოხდეს ადგილმონაცვლეობა ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მიერთება და შესაბამისი პარამეტრების სრულყოფილად დაცვა.

დღეს მოქმედი რეგულაციებით (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვ.) შეზღუდულია ისეთი მშენებლობების წარმოება, რომლებიც სრულყოფილად არ აკმაყოფილებენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. არსებულ მიწის ნაკვეთებზე თითქმის შეუძლებელია, სკოლებისა და ბაღების დაპროექტება განხორციელდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე კანონმდებლობით მოთხოვნილი ფორმულის შესაბამისად, შენობის განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტები, მიჯნის ზონის წესები და სხვა განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ყველა მოთხოვნა.

შესაბამისად, იმისთვის, რომ დაგეგმილი მშენებლობები განხორციელდეს და ბავშვებისთვის სასწავლო პროცესისთვის ღირსეული პირობები შეიქმნას, აუცილებელია გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, არსებული რეგულაციების მაქსიმალური დაცვით, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ბავშვებისთვის სათანადო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა, კონკრეტული მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება მხოლოდ იმ პროგრამებით, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მშენებლობა-რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესი. შესაბამისად, მიზანშეწონილია საკითხის გადაწყვეტა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

წყარო: ინტერპრესნიუსი