სახელმწიფო კომპანია „სთარინგ ჯორჯია“ აცხადებს, რომ გასართობ პარკებში [„ციცინათელა“, „მინიატურები“, „დინო“, „მუსიკოსთა“] სეზონის მოსამზადებლად დაგეგმილია კომპლექსური სამუშაოები, რისთვისაც 4,7 მილიონი ლარია საჭირო. კომპანია მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გეგმავს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
„სთარინგ ჯორჯია“ წერს, რომ ის აღნიშნული პარკების ოპერირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელმაც 2025 წლის დეკემბრიდან სრულად გადაიბარა აღნიშნული პარკების როგორც მიმდინარე, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული ვალდებულებები.
კომპანიის განცხადებით პარკებში დაგეგმილია:
- ახალი ატრაქციონების განთავსებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
- ატრაქციონები წარმოადგენს მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ კონსტრუქციებს, რომელთა ექსპლუატაცია დაკავშირებულია ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი მონტაჟი და ფუნქციონირება საჭიროებს მთელ რიგ საექსპერტო კვლევებსა და განსაკუთრებული სიზუსტით დაგეგმილ და შესრულებულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს. ასევე, ბეტონის სამუშაოები მოიცავს ინდივიდუალური ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი ბეტონის საძირკვლებისა და კონსტრუქციული ელემენტების მოწყობას;
- საინჟინრო კომუნიკაციების [გათბობა-გაგრილება, წყალმომარაგება, წყალარინება, ელექტრომომარაგება და სხვა] განვითარებასა და რეაბილიტაციას;
- ტერიტორიის რეაბილიტაციას, მის კეთილმოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 4 741 240 ლარი“.
„სთარინგ ჯორჯია“ შესყიდვების სააგენტოს ასევე სწერს, რომ „პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ცალკეული სამუშაოების ტექნოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, ეტაპობრივად შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან, არაუმეტეს მიმდინარე წლის 30 სექტემბრისა“.
„შესყიდვის განხორციელება ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის გზით მოითხოვს მნიშვნელოვნად მეტ დროს, რაც მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, გამოცხადებას, მინიმალური ვადების დაცვას, შეფასებასა და ხელშეკრულების გაფორმებას.
აღნიშნული პროცედურების სრული ციკლი არ შეესაბამება პროექტის რეალურ ვადებს და გამოიწვევს ატრაქციონების მონტაჟის გადავადებას, პარკის გახსნის შეფერხებას და დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლის რისკს“ – წერს „სთარინგ ჯორჯია“.
„ციცინათელა“, „მინიატურები“, „მუსიკოსთა პარკი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში მდებარეობს და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერაა მოწყობილი. შემდეგ გადასცეს სახელმწიფოს და შესაბამისად, ამ პარკების მოვლა-შენახვაზე ფული ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება.
რაც შეეხება „დინოს“ [დინოზავრების პარკს] – ასეთი პარკი ბიუჯეტის ფულით სათაფლიაშია მოწყობილი. ოპერირებს თუ არა ამ პარკს „სთარინგ ჯორჯია“, ამის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს. მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ შეკითხვა ელექტრონული ფოსტით გაგვეგზავნა.
სახელმწიფო კომპანიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
ინფორმაციისთვის: „სთარინგ ჯორჯიაში“ სამი კომპანიაა შერწყმული: „ბლექ სი არენა ჯორჯია“, „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი“ და „სერვისი – 7“. კომპანიის 100 პროცენტი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის, წილის მმართველი კი საქართველოს კულტურის სამინისტროა. „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორია თამარ ჩხაიძე.