მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 8.32 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თითქმის 3 900 კვ.მ ფართობის შენობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პრობლემებია სახურავზე, ფასადზე, შიდა მოპირკეთებაზე, საინჟინრო და სანტექნიკურ სისტემებზე, ასევე გათბობა-გაცივებისა და საუნის ინფრასტრუქტურაზე. ობიექტზე არ არის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, ფასადის განათება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი.
პროექტი ითვალისწინებს შენობის ტექნიკური მდგომარეობის სრულ კვლევას, რის შემდეგაც რეაბილიტაციის გეგმა მომზადდება, რათა ობიექტი თანამედროვე უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტებს მოერგოს.