ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ რუსთავში საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„უახლოეს მომავალში დასრულდება რუსთავის №21-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 6.1 მილიონ ლარს აღემატება. სკოლა 830 მოსწავლეზეა გათვლილი.
რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, რუსთავის №6-ე საჯარო სკოლას. სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდეა და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურა მოსწავლეებს სწავლის პროცესში სირთულეებს უქმნიდა. ახალი პროექტების დასრულების შემდეგ ისინი კომფორტული, სრულად განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, საპირფარეშოები, განახლდება ეზოს ტერიტორია და დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის ახალი სისტემები. ორივე სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
„საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რუსთავში შენდება ორი ახალი საბავშვო ბაღი, საიდანაც ერთი გათვლილია 450, ხოლო მეორე - 300 აღსაზრდელზე. მშენებლობების დასრულება 2025 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
ახალი ბაღების შენობებში მოეწყობა საძინებლები, სათამაშო, გამოსაცვლელი, სამზარეულო და ადმინისტრაციული ოთახები, ასევე ლიფტები და საევაკუაციო კიბეები. ეზოში გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები და სათამაშო მოედნები.
ორივე ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. მშენებლობის ჯამური ბიუჯეტი 13 მილიონ ლარს აღწევს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს №23-ე და №31 საბავშვო ბაღებში. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.