"შუა დერეფნის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონული თუ სუბ-რეგიონული დაკავშირებადობის, არამედ, უფრო ფართოდ - გლობალურ ეკონომიკაში მეტი ინტეგრაციის და სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის" - ასე უპასუხა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ BMG-ის კითხვას შუა დერეფნის პერსპექტივაზე ბანკის 58-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, მილანში.
პრეზიდენტ კანდას თქმით, შუა დერეფნის განვითარებას 2 საკვანძო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს - სატრანსპორტო სისტემების განვითარება და გაზრდილი ენერგოუსაფრთხოება.
"შუა დერეფნის განვითარება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის მეტ ინტეგრაციას რეგიონის სხვა ქვეყნებთან",- აღნიშნა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
შეგახსენებთ, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრას წელს მილანი მასპინძლობს. შეხვედრები 4-7 მაისის პერიოდში გაიმართება.
შეხვედრების მთავარი თემაა: „გამოცდილების გაზიარება, მომავლის შექმნა: აზიასა და წყნარ ოკეანეში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები“.
შეხვედრების მიმდინარეობისას ADB, პარტნიორები და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი განიხილავენ, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთო ინოვაციური გადაწყვეტილებების საფუძველზე აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის, პროგრესისა და მდგრადი განვითარების შექმნა.