ვარკეთილის მეტროსთან გარე ვაჭრობა თბილისის მერიამ 2022 წელს აკრძალა და იქ არსებული კონსტრუქციებისგან ტერიტორიაც გაათავისუფლა. თბილისის მერი კახა კალაძე მაშინ ამბობდა, რომ გარე მოვაჭრეები სპეციალურ სავაჭრო ზონებში იქნებოდნენ გადაყვანილი.
მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ვარკეთილის მეტროს უკან, ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე იმსჯელეს და მრავალჯერ შეცვლილი პროექტის ახალი განაშენიანების რეგულირების გეგმაც დაამტკიცეს.
ახალი პროექტის ფარგლებში მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ, 40,000 ათას კვ.მ-ზე, 7 სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდება. „ვარკეთილი მოლის“ კომპანია „ურბანიკის“ პროექტს წარმოადგენს.
„VM ვარკეთილი მოლი არის მულტიფუნქციური სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი, სადაც გავაერთიანეთ სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, კვების ობიექტები, გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. განსაკუთრებული ყურდღება გავამახვილეთ რეკრეაციულ ზონებზე, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ჩვენს კონცეფციას.
ვარკეთილი მოლი მდებარეობს საკვანძო ლოკაციაზე თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ურბანული, კომერციული და სატრანსპორტო დერეფანი.
შენობა: 45 000 კვ.მ შიდა სივრცის 7 სართულიანი შენობა განთავსებულია 12 000 კვ.მ-ზე, 3 000 კვ.მ რეკრეაციული ზონით, ღია და დახურული ავტოსადგომით.
შენობის მრავალფუნქციური კონცეფცია, რომელიც აკმაყოფილებს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მომხმარებლის მოთხოვნებს და გათვლილია მათ კომფორტზე“, - აცხადებენ „ურბანიკში“.
კომპანიის ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია.
გეგმის მიხედვით, მოლის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს ურბანიკ ინვესტ ჯგუფის 100%-იანი წლის მფლობელი ნინო ზაქაიძეა, ხოლო დირექტორი ლევან კვინიკაძე. თავის მხრივ, ნინო ზაქაიძე ფლობს წილებს შპს მეტრო მოლში, შპს დეველოპმენტ ჯორჯიაში, შპს ევროპა ჯგუფში, შპს სასტუმრო ევროპაში, შპს ბიზნესცენტრი ვაჟა ფშაველა 76 ბ-ში, შპს ზურგოვანა ვილაში და სხვა კომპანიებში.