რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა დაათვალიერა თბილისის №11 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდი 650 მოსწავლეზე გათვლილ ახალ სკოლას აშენებს. პროექტის ღირებულება 14.3 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო თბილისის №128 საჯარო სკოლის დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობას. სკოლას 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი კორპუსი დაემატება, რაც სასწავლო ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 9.1 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

მინისტრი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ასევე ადგილზე გაეცნენ თბილისის №113 და №116 საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას. ორივე სკოლის ნაცვლად ახალი შენობების მშენებლობა იგეგმება.

№113 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია. მომდევნო კვირას გამოცხადდება ბაზრის კვლევა 200 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება-მშენებლობის ტენდერის მოსამზადებლად. აღნიშნული სკოლის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაიბარა.

№116 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებული შენობის ნაცვლად აშენდება ახალი, გაზრდილი მოცულობის სკოლა. ამ მიზნით დაიწყება საპროექტო დავალების მომზადება, რის შემდეგაც გამოცხადდება ბაზრის კვლევა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სკოლების ნუსხის შესაბამისად ახორციელებს. განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სკოლების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტების განხორციელებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს