ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში.

გამოყოფილი თანხა მოხმარდება დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, რადარების, ელექტრონული ბრძოლის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შეძენას.

ევროკომისია განმარტავს, რომ უკრაინის მხარდაჭერის სესხი ითვალისწინებს დაფინანსებას, რომლის საორიენტაციო განაწილება 2026–2027 წლებში თავდაცვისთვის 60 მილიარდ ევროს, ხოლო საბიუჯეტო დახმარებისთვის 30 მილიარდ ევროს შეადგენს. მხოლოდ 2026 წელს უკრაინის თავდაცვის სამრეწველო პოტენციალის გასაძლიერებლად 28.3 მილიარდი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი. ამ მექანიზმის ფარგლებში, 2026 წელს თავდაცვის მიმართულებით დაფინანსების შემდგომი ტრანშების გაცემა უახლოეს კვირებშიც გაგრძელდება.

„უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მეოთხე ზამთრისთვის ემზადება. თავდაცვითი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ მიწოდება უზრუნველყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაცვა რუსეთის თავდასხმებისგან”, - აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.

ევროკომისია განმარტავს, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება უკრაინის ცვალებად საჭიროებებს და ექვემდებარება შეთანხმებულ პირობებსა და მონიტორინგს. 2022 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას ჯამში 231.5 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა გაუწიეს, მათ შორის, 3.8 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის სახით კიდევ 29.64 მილიარდი ევრო გამოეყოფა. აქედან 25.24 მილიარდი ევროს გაცემა უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებშია გათვალისწინებული: 12.54 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის სამრეწველო პოტენციალის გასაძლიერებლად, ხოლო 12.7 მილიარდი ევრო - საბიუჯეტო დახმარებისთვის.

ამასთან, მიმდინარე წლისთვის Ukraine Facility-ის ფარგლებში საბიუჯეტო დახმარებისთვის კიდევ 4.4 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

ამრიგად, 2026 წლის დარჩენილ თვეებში უკრაინას საბიუჯეტო დახმარების სახით 17 მილიარდ ევროზე მეტი თანხის მიღება შეუძლია, უკრაინის გეგმასა და ურთიერთგაგების მემორანდუმში განსაზღვრული შესაბამისი პირობების შესრულების შემთხვევაში.

ipn.ge