ნარიყალას ციხის რეაბილიტაციაზე 2026 წელს 24.290 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დედაქალაქის ბიუჯეტშია საუბარი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საუბარია ნარიყალას ციხის რებილიტაციის პროექტის განახლებაზე, რედიზაინზე, ასევე გრუნტის შემაკავებელი კედლის სამშენებლო სამუშაოებზე.

ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ არეალი წარმოადგენს ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად რეაბილიტირებული, კეთილმოწყობილი ნარიყალას ციხე ყველა კატეგორიის მოსახლეობისთვის დასვენებისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო აუცილებელი პირობებით იქნება უზრუნველყოფილი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოეწყობა სტამბოლის კოშკი, კედელ-ბურჯები, ოთხკუთხა კოშკი, მეფის სასახლე, წყლის რეზერვუარი და შესასვლელი გვირაბი. ამასთან, იგეგმება ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ბიუჯეტში ასევე ვკითხულობთ, რომ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე ობიექტები ექვემდებარება სრულ რეაბილიტაციას.

ამასთან, დოკუმენტში განმარტებულია, რომ პროექტის მიმართ მერიის მიზანს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება, არეალში არსებული და ახალი კომერციული დანიშნულების ობიექტების გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დაწყებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება 2023 წლის მიწურულს გააკეთა. უკვე 2024 წელის თებერვალში კი, თბილისის განვითარების ფონდმა ნარიყალას რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ პროექტი 2-წლიანია და რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდებოდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი