საქართველოს ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 319 ერთეული ახალი პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 836 643 ლარია.

ტენდერის ფარგლებში შეძენილი სპეციალიზებული კლასის ავტომობილები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე გადანაწილდება. ყველაზე მეტი — 90 პიკაპი - სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. ეროვნულ სატყეო სააგენტო 50 ავტომობილს მიიღებს, გაზის ტრანსპორტირების კომპანია - 33-ს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური -30-ს, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი — 28-ს.

შესყიდვით ასევე ისარგებლებენ „საქართველოს მელიორაცია“ (25 ერთეული), შემოსავლების სამსახური (18), დაცული ტერიტორიების სააგენტო (10), ველური ბუნების ეროვნული სააგენტო (9), აჭარის სატყეო სააგენტო (5) და სხვა სახელმწიფო უწყებები.

სატენდერო პირობების მიხედვით, ყველა პიკაპი უნდა იყოს ოთხწამყვანი (4x4), აღჭურვილი არანაკლებ 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და მინიმუმ 102 ცხენის ძალის ძრავით. განსაზღვრულია ავტომობილების მინიმალური ზომებიც, ხოლო სტანდარტულ აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს უსაფრთხოების ბალიშები, ABS, კონდიციონერი, აუდიოსისტემა, საჭის ჰიდროგამაძლიერებელი, წინა ელექტროშუშები და სათადარიგო საბურავი.

დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი კომპანიისთვის სავალდებულოა ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი და საქართველოში მოქმედი სერვისცენტრი. ავტომობილებზე გათვალისწინებულია 5-წლიანი გარანტია ძირითად აგრეგატებზე, ხოლო სრულ ავტომობილზე — 3 წელი ან 150 000 კილომეტრი.

ტენდერი ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მათ შორის Euro NCAP-ის, IIHS-ის, JNCAP-ის ან Latin NCAP-ის შეფასებას.

წინადადებების მიღება 2 აგვისტოს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომობილების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.