კარგად ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურება ჩვენთვის ცუდია და თუ ამაზე ვიფიქრებთ, ალბათ აშკარაა, რომ ის განსაკუთრებით ცუდია ჩვენი ფილტვებისთვის.

თუმცა, ბევრი ვერ აცნობიერებს, რამდენად მოქმედებს ის სხეულის სხვა მრავალ სისტემაზე.

ჰაერში არსებული დამაბინძურებლები უბრალოდ ჩვენი ფილტვების ქსოვილებში როდი აღწევს და იქ რჩება.

მანქანების, ქარხნებისა თუ ტყის ხანძრების გამონაბოლქვის ყველაზე ციცქნა დამაბინძურებლები ფილტვებში აღწევენ, იქიდან სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადიან და ზემოქმედებენ სხვა ორგანოებზეც. ეს წმინდა ნაწილაკები იწვევს ანთებას და ჟანგვით სტრესს მთელ სხეული.

ისინი თავის ტვინშიც კი აღწევს.

ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებულმა ცდებმა დადო მტკიცებულება იმისა, რომ ამ ყველაზე პატარა ნაწილაკებს, რომლებსაც PM2.5-ს უწოდებენ, წვლილი შეაქვს ტვინთან დაკავშირებულ მთელ რიგ დაავადებებში — დემენცია, მრავლობითი სკლეროზი, დეპრესია და შფოთვა, ალცჰაიმერი, თავის ტვინის სიმსივნეები და ინსულტი.

ამ სიას კიდევ ერთი დაემატა. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი მეტაანალიზის მიხედვით, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული კვლევები შეისწავლეს — დაბინძურებული ჰაერის წლების განმავლობაში სუნთქვა შეიძლება ზრდიდეს პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს.

კვლევა Environment International-ში გამოქვეყნდა და მომიოხილა 42 წინა კვლევა, რომელიც ეხებოდა ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის პოპულაციებს.

ის ამ დროისათვის ყველაზე დიდი მიმოხილვაა, რომელშიც შეისწავლეს, არის თუ არა გარემოს დაბინძურებული ჰაერის გრძელვადიანი ზემოქმედება დაკავშირებული რამდენიმე ძირითად ნეიროდეგენერაციულ დაავადებასთან.

ყველაზე მკაფიო სიგნალი გამოჩნდა პარკინსონის დაავადებისთვის, რაც გაანალიზებული კვლევებიდან 26-ის ფოკუსს წარმოადგენდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კუბურ მეტრზე ყოველი 5 მიკროგრამით PM2.5-ის ხანგრძლივი ზემოქმედების ზრდა, პარკინსონის დაავადების რისკს დაახლოებით 10 პროცენტით ზრდიდა.

უფრო დიდი დამაბინძურებელი ნაწილაკების, PM10-ის ზემოქმედება დაკავშირებული იყო პარკინსონის დაავადების 18 პროცენტით უფრო მაღალ რისკთან კუბურ მეტრზე ყოველი 15 მიკროგრამით ზრდასთან.

PM10 არის ნაწილაკები, რომლებსაც ხშირად ხედავთ შეუიარაღებელი თვალით, მაგალითად, ყვავილის მტვერი, სასოფლო-სამეურნეო მტვერი, ნაცარი და ფერფლი ხანძრიდან, დიზელის საწვავის კვამლიანი გამონაბოლქვი და ობის სპორები.

ამ ციფრების რეალობაში დასასაბუთებლად, მკვლევრები შენიშნავენ, რომ PM2.5-ის საშუალო კონცენტრაცია 2023 წელს გაზომეს ცენტრალურ ლონდონში, გზის ნაპირებზე და აღმოჩნდა 10 მიკროგრამი კუბურ მეტრზე.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა, ვინც დაბინძურებულ ჰაერში ცხოვრობს, პარკინსონის დაავადებისთვის არის განწირული; უბრალოდ, იზრდება რისკი.

ინდივიდუალური რისკი შედარებით დაბალია; დაავადების რისკზე მოქმედებს სხვა მრავალი ფაქტორიც, მათ შორის, გენეტიკა, ასაკი და კვების რაციონი. თუმცა, ვინაიდან დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი განიცდის, რისკის მოკრძალებული ზრდაც კი შეიძლება გადაითარგმნოს პოპულაციაში დამატებითი შემთხვევების მნიშვნელოვან რაოდენობაში.

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების სხვა რისკფაქტორები, როგორიცაა ასაკი და გენეტიკა — ვერ შეიცვლება, მაგრამ ჰაერის დაბინძურება დიდწილად ადამიანის კონტროლქვეშაა.

„რადგან ნეიროდეგენერაციული დაავადებების გლობალური ტვირთი კვლავ იზრდება, სულ უფრო მნიშვნელოვანია შეცვლადი გარემოებითი რისკფაქტორების შესწავლა. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ემატება იმ მტკიცებულებებს, რომელთა თანახმადაც, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეიძლება სარგებელი ჰქონდეს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ჯანმრთელობის მიღმაც, პოტენციურად დაგვეხმაროს პარკინსონის დაავადების შემცირების სტრატეგიების შემუშავებაში“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკური მკვლევარი ანანალ ნავარატნამი.

სუფთა ტრანსპორტი, ინდუსტრიული გამონაბოლქვის შემცირება და ჰაერის ხარისხის მკაცრი სტანდარტები პარკინსონის დაავადებას ვერ მოსპობს, მაგრამ შეიძლება შეამციროს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ის ემართება.

თუმცა, მიმოხილვას მხოლოდ ბოლომდე ცუდი შედეგები არ ჰქონია.

მკვლევრებმა ვერ იპოვეს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ PM2.5-ის ან აზოტის დიოქსიდის (მანქანების და ქარხნების გამონაბოლქვის კიდევ ერთი კომპონენტი) ხანგრძლივი ზემოქმედება მრავლობითი სკლეროზის რისკს ზრდის, ვერც მკაფიო კავშირი იპოვეს PM2.5-სა და ისეთ მოტორულ-ნეირონულ დაავადებას შორის, როგორიცაა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ALS).

თუმცა, მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ უბრალოდ ბევრი კვლევა არ იყო გასაანალიზებელი — მხოლოდ სამ-სამი მრავლობითი სკლეროზისა და მოტორულ-ნეირონული დაავადებისთვის, რაც მკაფიო დასკვნების გამოტანას ართულებს.

ამას გარდა, შენიშნავენ, რომ ზოგიერთი დაავადების შესახებ დასკვნები ან ამ დასკვნების არარსებობა „შესაძლოა გამოწვეული იყოს კვლევების დიზაინით“.

„სასწრაფოდ საჭიროა მეტი კვლევა, უფრო დიდ პოპულაციებში, რათა დადგინდეს, რა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა“, — ამბობს ნავარატნამი.

ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ისაა, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადება ნელა ვითარდება, ხშირად ათწლეულების განმავლობაში. ამის გამო, მათი შესწავლა ზედმეტად რთულია. დროთა განმავლობაში, ადამიანები მოძრაობენ, დაბინძურების დონე იცვლება და ინდივიდის სიცოცხლის განმავლობაში ზემოქმედების ზუსტი შეფასება მარტივი არ არის.

მიუხედავად ამისა, გამოსადეგი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია მოსახლეობის დიდი ჯგუფების ან მრავალი კვლევის მიმოხილვით, როგორც ეს ამ კვლევაში გააკეთეს.

მკვლევრები ირწმუნებიან, რომ ჰაერის დაბინძურება ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის არის ამ დაავადებების ერთ-ერთი პოტენციურად შეცვლადი რისკფაქტორი სულ თითზე ჩამოსათვლელთაგან.

ეს კვლევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ სუფთა ჰაერი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობაში.

კვლევა Environment International-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cam.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი