ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი თავად ხელისუფლებამ დაიწყო, რაც, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის შეფასებით, სწორი და პასუხისმგებლიანი მიდგომაა. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ თავად მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება და აქტიურად მუშაობს მათი გადაჭრის გზებზე.
„პრობლემებზე საუბარი ჩვენ თავად დავიწყეთ, და ვფიქრობ ყველაზე სწორი პოზიცია ზუსტად ეს არის, როდესაც აღიარებ პრობლემებს და იწყებს მათი გადაჭრის გზების ძიებას. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სამშენებლო სექტორს დავუბრუნოთ ნდობა, მათ შორის საზოგადოების მხრიდან,“-აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მხოლოდ დეკლარაციული არ არის. მისი თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ობიექტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აშენდა ან რეაბილიტირდა, უკვე საჭიროებს ხელახალ სამუშაოებს, რაც მიუთითებს პრობლემებზე.
მინისტრმა, ასევე ისაუბრა ფასების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები - რიგ შემთხვევებში ფასები საბაზრო ღირებულებებს დაუახლოვდა. უახლოეს პერიოდში იგეგმება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღებაც. თუმცა, მისი შეფასებით, ფასის გარდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამუშაოების ხარისხსა და შემსრულებელთა პასუხისმგებლობას.
როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული პროექტის შესრულებას ისე, როგორც მოქალაქეები საკუთარ საცხოვრებელ სახლს აშენებენ -მაქსიმალური სიზუსტითა და ყურადღებით თითოეული დეტალის მიმართ. ეს მიდგომა გავრცელდება ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იქნება ეს სკოლა, საბავშვო ბაღი თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წარსულში არსებულ „მავნე პრაქტიკაზეც“, რომელიც, მისი თქმით, მოიცავდა როგორც არასწორ მმართველობით გადაწყვეტილებებს, ისე ბიზნესის მხრიდან არასათანადო ქცევას. მან აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა მიუღებელია და მისი აღმოფხვრა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
კერძოდ, საუბარი შეეხო დემპინგურ ფასებსა და ავანსების არაეფექტიან მართვას. მინისტრის განმარტებით, წარსულში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები ტენდერებში მინიმალური ფასით იმარჯვებდნენ, მიღებულ ავანსებს კი არამიზნობრივად იყენებდნენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობის მიერ გამკაცრდა საავანსო პოლიტიკა და დაინერგა შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, მათ შორის გადაიხედა ე.წ. „თეთრი სიის“ პრინციპი.
,,კომპანია იგებდა ამა თუ იმ ობიექტის ასაშენებლად ტენდერს, იღებდა ავანსს და ეს ავანსი ამ კონკრეტული ობიექტის გარდა მიემართებოდა ყველგან. გვაქვს შემთხვევები, როდესაც აღებული ავანსით კომპანია იწყებდა თავის კერძო ბიზნესს, რა თქმა უნდა, ეს ასე ვერ გაგრძელდებოდა და ამ მიმართულებით საზოგადოებას ახსოვს დისკუსია გამკაცრებულ საავანსო პოლიტიკასა და ე.წ. „თეთრ სიასთან“ დაკავშირებით’’-აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, უკვე გაძლიერდა ხარისხის კონტროლი, სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, ხოლო ხელმძღვანელობა და თავად მინისტრი აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროექტების მონიტორინგში, მათ შორის ობიექტების ადგილზე შემოწმების გზით.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ წარმოადგენს მთავრობის მიზანს, სახელმწიფო მკაცრად რეაგირებს იმ შემთხვევებზე, როდესაც ბიუჯეტური სახსრები არამიზნობრივად იხარჯება ან პროექტები არ სრულდება სათანადოდ.
,,ნდობის დაბრუნების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს როლს, სისტემის გამჭვირვალობასა და სამართლიან ფუნქციონირებას. ხელისუფლება და სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ტენდერები იყოს მაქსიმალურად ღია, კონკურენტული და თავისუფალი, რაც უზრუნველყოფს პროცესისადმი მაღალი ხარისხის ნდობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორმაც გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და საკუთარი საქმიანობით დაამტკიცოს სანდოობა’’-განაცხადა სოხაძემ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა ემსახურებოდეს არა მოკლევადიან მიზნებს, არამედ მომავალ თაობებს. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო რესურსების ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენება, რათა შეიქმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს