ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად, პირველ კვარტალში საქართველოს საავიაციო სექტორში შენარჩუნდა საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

საერთაშორისო აეროპორტების მონაცემები ასე გადანაწილდა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 099 204 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 8.02%-ს შეადგენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 386 238 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.86%-ი შეადგინა. იანვარ-მარტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 115 785 მგზავრს მოემსახურა, რაც 25.59%-ით ჩამორჩება 2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს.

2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 7799 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 5669 ფრენას, ხოლო ჩარტერების რაოდენობა 2130-ს. გასული წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 8.70%-ით გაიზარდა. 14.19%-ით არის გაზრდილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა). სულ, პირველ კვარტალში 72 546 ერთეული საჰაერო სივრცის გამოყენება დაფიქსირდა.

დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2026 წლის იანვარ-მარტში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10177.48 ტონა შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 32.26%-ით გაიზარდა.

2026 წლის პირველ სამ თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 20%-იან წილს ფლობს და 326 670 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

Wizz Air Hungary – 20% (326 670 მგზავრი);

Georgian Airways – 9% (148 955 მგზავრი);

Pegasus – 8% (133 520 მგზავრი);

Turkish Airlines – 8% (119 899 მგზავრი);

Azerbaijan Airlines – 6% (91657 მგზავრი).

ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს