რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა საქართველოს რკინიგზის დაანონსებული მოდერნიზაცია შეაფასა.

მისი თქმით, იმ ფონზე როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები თავიანთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ავითარებენ, აუცილებელია, რომ ეს პროცესი საქართველოშიც დაწყებულიყო, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.

„მთავრობის ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, დარგის განვითარების სისტემურ ხედვაზე მიუთითებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ იმ ვითარებაში, როცა შუა დერეფნის მეზობელი ქვეყნები სარკინიგზო დარგის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით მილიარდობით დოლარს ათავსებენ და, შესაბამისად, ახლო მომავალში ორიენტირებულნი არიან ჩადებული ფინანსური რესურსის ამოღების მაღალ უკუგებაზე, საქართველო ამ ჯაჭვში ვერ დარჩებოდა არაკეთილსინდისიერ პარტნიორად და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება დროული და მისასალმებელია.

საქართველოს რკინიგზაში დაანონსებული ცვლილებები ფინანსური თვალსაზრისით უპრეცედენტოა, მოიცავს მოძრავი შემადგენლობის სისტემურ განახლებას, ეფუძნება მსოფლიო გამოცდილებას და მიმართულია შუა დერეფნის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ“. - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა