მსოფლიოში ელექტრომობილების უმსხვილესი გამყიდველი, ჩინური BYD Co., მოლაპარაკებებს აწარმოებს Stellantis NV-თან და სხვა ევროპულ ავტომწარმოებლებთან, რეგიონში გამოუყენებელი ქარხნების შესაძენად, იტყობინება Bloomberg-ი BYD-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ, სტელა ლიზე დაყრდნობით.
კერძოდ, კომპანია ძირითადად განიხილავს იტალიაში არსებულ ქარხნებს.
„ჩვენ ვეძებთ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ქარხანას ევროპაში, რადგან გვსურს გამოვიყენოთ ასეთი თავისუფალი სიმძლავრე“, - განაცხადა ლიმ ლონდონში Financial Times-ის Future of the Car კონფერენციის ფარგლებში.
მან დასძინა, რომ BYD-ს ურჩევნია ქარხნების დამოუკიდებლად მართვა, ვიდრე ერთობლივი საწარმოების ქონა.