გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ისნის დაშლილების ბაზრობის” ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
პროექტის განმახორციელებელმა სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტმა“ სააგენტოს კორექტირებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (გზშ) 21 აპრილს წარუდგინა. კომპანია დაჩქარებული წესით ითხოვდა გზშ-ს განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას, რისთვისაც ჯამში 15.5 ათასი ლარი გადაიხადა.
„გთხოვთ გადაწყვეტილება გასცეთ დაჩქარებული წესით, რისთვისაც კომპანიის მიერ გადახდილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემისთვის დაწესებული დაჩქარებული წესით მომსახურების გაცემის საფასური 15 000 ლარის ოდენობით და ასევე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოსაკრებელი 500 ლარი“, - ვკითხულობთ აპრილის განაცხადში.
დოკუმენტების მიხედვით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ურბანული განვითარების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 9 ივლისს გასცა.
რას ითვალისწინებს „ისნის დაშლილების ბაზრობის” ტერიტორიის განვითარების პროექტი?
გზშ-ის ანგარიშის თანახმად, კომპანია სამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც 17.5 ჰექტარია, ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს.
პროექტი მოიცავს საცხოვრებელი სივრცეების, სავაჭრო და საოფისე ფართების, სპორტული დარბაზების ან/და ფიტნეს ცენტრების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ფინანსური მომსახურების ობიექტებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობას.
ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს სარეკრეაციო სივრცეების შექმნას, მათ შორის სათამაშო და გასართობი მოედნებისა და ველობილიკების მოწყობას. გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის და სკოლის განთავსებაც.
„ტერიტორიაზე მოეწყობა ერთიანი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც გადაკვეთს ცენტრალურ გამზირს. აღნიშნულ მონაკვეთში დაგეგმილია მიწის ქვეშა გზის ჩაყვანა (560 მ სიგრძის, 12 მ სიგანის და დაახლოებით 5 მ სიღრმის მქონე მიწისქვეშა გადასასვლელი“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
პროექტის მიხედვით, ძირითადად შენობები 12-25 სართულის ფარგლებში იქნება, თუმცა, დაგეგმილია მაღალი შენობების განთავსებაც, კერძოდ, სავარაუდო მაქსიმალური სართულიანობა იქნება 40 მიწისზედა სართული.
„გზშ-ის ანგარიშში განხილულია ორი ალტერნატიული ვარიანტი კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ალტერნატივა N1: ე.წ ისნის დაშლილების ბაზრობის ტერიტორია) და ალტერნატივა N2: ვაზისუბნის დასახლებაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორია.
ანგარიშის თანახმად, ალტერნატივების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ალტერნატივა N1 (ისნის დაშლილების ბაზრობის ტერიტორია) წარმოადგენს გარემოსდაცვითი კუთხით უფრო მისაღებ ვარიანტს, ვინაიდან:
- ხდება უკვე დეგრადირებული და ანთროპოგენურად სახეცვლილი ტერიტორიის გამოყენება;
- არ ხდება ახალი ტერიტორიების ათვისება და ბუნებრივი გარემოს დამატებითი დაზიანება;
- უზრუნველყოფილია არსებული ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენება და პროექტი ხელს უწყობს ურბანული გარემოს გაუმჯობესებას და ტერიტორიის რეაბილიტაციას“, - აღნიშნულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიის სრული განვითარება 7-დან 12 წლამდე პერიოდშია დაგეგმილი.