„მანქანა 5 წლის შემდეგ ძველია, მაგრამ აშენებული გზა არ უნდა ფუჭდებოდეს ასე მალე, ინფრასტრუქტურა უნდა გვემსახურებოდეს ათეული წლები“ - ამის შესახებ „ბლექ სი გრუპის“ დირექტორმა ამირან მამუჭაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა და აღნიშნა, რომ გზების ხარისხის გაუმჯობესებას „სწორი მიდგომა სჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ინფრასტრუქტურის მინისტრი სახელმწიფო ტენდერებში ჩართულ სამშენებლო კომპანიებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი თემა „თეთრი სიების“ რეფორმისა და ფასთა ინდექსაციის გარდა სწორედ გზების ხარისხს შეეხებოდა.

მინისტრმა დააანონსა, რომ სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული გზების ხარისხი და ვადები „მკაცრად გაკონტროლდება“. ამირან მამუჭაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმებით სექტორი დარეგულირდება და ბაზარი გაჯანსაღდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის დაწყებამდე შემუშავებული იყოს სწორი და ხარისხიანი პროექტი. ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრებზე დავინახე, რომ საპროექტო ორგანიზაციების ნაწილშიც აპირებენ საკმაოდ დიდ მხარდაჭერას და სწორი მიდგომის ჩამოყალიბებას, რათა ადგილობრივი ბაზარზე ქართული საპროექტო ორგანიზაციები განვითარდნენ და სწორი პროექტი შექმნან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მშენებლობის ნაწილში ხარისხის პრობლემა და ვადები დამოკიდებული არის სწორედ საპროექტო გადაწყვეტილებასა და შემდეგ მშენებლობის პროცესზე.

მანქანა 5 წლის შემდეგ ძველია, მაგრამ აშენებული გზა არ უნდა ფუჭდებოდეს ასე მალე, ინფრასტრუქტურა უნდა გვემსახურებოდეს ათეული წლები, სწორი მიდგომა სჭირდება პროექტებს. ის მიდგომა, რაზეც შეხვედრებზე ვისაუბრეთ, საქართველოში ყველაზე უნდო სექტორს, აგვამაღლებს, იმიჯი გვექნება უკეთესი და ქართველი ინჟინრებიც გაიზრდებიან. ეს არამარტო გზების ხარისხიანი მშენებლობის საკითხია, არამედ სექტორი თავისი ადამიანური რესურსით გაჯანსაღდება. გარკვეული ჩანაწერები სატენდერო დოკუმენტაციაში შეიცვალა, უფრო გამჭვირვალე და სწორი გახდა მიდგომა, ბევრი კომპანია მიიღებს ცვლილებებს, კონკურენტუნარიანი გაიზრდება და ბაზარიც გაჯანსაღდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამირან მამუჭაძემ.

www.bpn.ge