საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ადგილობრივი ჯიშები გაშენდა. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ვენახი და დაირგო როგორც თესლოვანი, ისე კურკოვანი ხეხილი, მათ შორის - ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავისა და ტყემლის ქართული ჯიშები.
პროექტს ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, რომელიც სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და შპს „შატო ზეგაანის“ თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ქართული აგრობიომრავალფეროვნების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
„ლევილის მამულში უკვე გაშენებულია ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ადგილობრივი ჯიშები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი აგრობიომრავალფეროვნების საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის. ეს პროექტი არა მხოლოდ ქართული უნიკალური ჯიშების წარმოჩენას ემსახურება, არამედ ხელს უწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მიზანია, უცხოეთში კიდევ უფრო მეტად გავაცნოთ ქართული აგროკულტურა და მისი მრავალფეროვნება“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
ვენახისა და ბაღის გაშენებას წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც მოიცავდა ნაკვეთის შეფასებას, ტერიტორიის მოსწორებას, სადრენაჟე არხების გაწმენდას და ნიადაგის მექანიზირებულ დამუშავებას. ნიადაგის ფიზიკური და აგროქიმიური მახასიათებლების, ასევე წყლის ხარისხის კვლევა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაში განხორციელდა.
ლევილის მამულში გაშენებულ ვენახში ასევე მოეწყო შპალერული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ვაზის სწორ განვითარებასა და ფორმირებას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას შპს „შატო ზეგაანი“ უზრუნველყოფს, ხოლო ვენახისა და ბაღის გაშენებისა და მოვლის პროცესს კონსულტირებას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უწევს.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს