ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე ერთ კვარტალს სამშენებლოდ ამზადებენ.
კერძო კომპანიამ აქ ჰექტარნახევარი ტერიტორია გამოისყიდა. ორ საკადასტრო ერთეულზე ერთი დაუსრულებელი კორპუსისა და დაბალსართულიანი ფუნქციური შენობების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. შენობებისგან უკვე გამოთავისუფლებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა

ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა
კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მოიცავს გრიბოედოვის #62, 64, 64 ა-ში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, ჯამში 14 931 კვადრატულ მეტრს.

საპროექტო ტერიტორია
ადგილზე კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აქ ოთხი 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთების მფლობელმა კომპანიამ ტერიტორიის ნაწილზე დემონტაჟის ნებართვა 2024 წელს მიიღო, რომელსაც ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.
2026 წლის თენერვალში კი ახალმა მერმა გიორგი ცინცაძემ იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი ნებართვა გასცა, ეს ნებართვაც დემონტაჟის სამუშაოებს ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის უკვე სხვა ნაწილში.

სამშენებლო ტერიტორია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე
„ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ შპს „ოპუს ცენტრმა“ მერიას გეგმარებითი დავალების გაცემის მოთხოვნით უკვე მიმართა. წარდგენილი აქვს წინასაპროექტო კვლევა განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირებისთვის.
დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ კომპანიას ამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება სურს.
წინასაპროექტო კვლევის მიხედვით სამშენებლო ტერიტორიას ორ ნაწილად ჰყოფენ და მას სექტორებს უწოდებენ. დოკუმენტების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ერთი სექტორისთვის ერთმანეთზე გადაბმული ბლოკებისგან შემდგარი კომპლექსის მშენებლობას მოიაზრებენ.

ესკიზი – ეს არ არის საბოლოოდ შეთანხმებული პროექტის ესკიზი, ის გვაჩვენებს, როგორ განაშენიანებას მოიაზრებს ტერიტორიის მფლობელი
ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც კომპანიამ სამშენებლოდ შეისყიდა, დაუმთავრებელი ნაგებობა იდგა, მეორე მიწის ნაკვეთზე ფუნქციური დაბალი განაშენიანება იყო.

სამშენებლო ტერიტორია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ამ ნაგებობის მშენებლობაზე ნებართვა 2007 წელს არის გაცემული, ნაბართვის მფლობელებად შპს „ლუდი ბათუმური“ და სს „ბათუმის რძის ქარხანა“ ფიქსირდებობდნენ. მშენებლობა 2010 წლის 7 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.
აშენდა 3 სართული კარკასი, შემდეგ კი მშენებლობა შეჩერდა.
სამშენებლო დოკუმენტებში ვკითხულობთ ასევე, რომ საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის განკარგულებით, იმავე მისამართზე დაუმთავრებელი მშნებლობების დასრულების მიზნით დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, კოეფიციენტის გადამეტება დასაშვებად მიიჩნიეს.
კომპანიის წარმომადგენელი სამშენებლო დოკუმენტებში პროექტის საგადასახადო ნაწილისგან გათავისუფლებაზეც საუბრობს:
„არსებობს ასევე საგადასახადო ნაწილისგან განთავისუფლების გარემოებები. საქართველოს საგადასახდო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა საშუალება მისცა 2008 წლის 8 აგვისტოს ომამდე დაწყებული მშენებლობები გათავისუფლდნენ დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. შეღავათების გამოსაყენებლად საჭიროა დაუსრულებელი მშენებლობა მოხვდეს იმ ობიექტების ნუსხაში, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი, უფლებამოსილი ორგანო. სწორედ ამიტომ გდგ-ს ინიცირების ფარგლებში, ნაკვეთი, რომელზეც დღეს არსებობს დაუსრულებელი მშენებლობა, ფართობის და საკადასტრო კოდის ცვლილების გარეშე, იცვლის კონფიგურაციას და ადგილმდებარეობას.“
დოკუმენტების მიხედვით კომპანია გაჩერებული მშენებლობის საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლებას გეგმავს:
„პროექტის მიზანია გაჩერებული მშენებლობის ჩანაცვლებით – საცხოვრებელი, სოციალური და კომერციული ფუნქციების განვითარებისათვის კომფორტული, უსაფრთხო, სხვადასხვა აქტივობებით და ფუნქციებით დატვირთული გარემოს შექმნა. გარემო მორგებული იქნება შშმ პირთა და ყველა ასაკობრივი ჯგუფებისათვის თანამედროვე მიდგომებით დაგეგმარებული სივრცის მოწოდებაზე.“
ტერიტორიაზე შემოთავაზებულია ორი სამშენებლო და ერთი არასამშენებლო სექტორის ჩამოყალიბება.
„საპროექტო გადაწყვეტით ხდება ქუჩებით გარსშემორტყმული კვარტალის, თითქმის სრული არეალს ათვისება. ახალი ურბანული დოკუმენტავიის დამტკიცებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვლება 2024 წლის 12 ივლისის განკარგულება და დაგეგმილი პროექტის მსვლელობა გაგრძელდება უკვე გდგ-ს ფარგლებში დაშვებული მაკომპენსირებელი ღონისძიებებით მოთხოვნილი შედარებით დაკლებული კოეფიციენტებით.“
შპს „ოპუს ცენტრი“ იგივე „გთემ კონსტრაქშენი“ [კომპანიამ სახელი შეიცვალა ] 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს. პაპუნაიშვილს სხვა კომპანიებიც აქვს, მათ შორის „ხიდი-2006“, რომელსაც პლაჟზე იჯარით აქვს აღებული რესტორან „სან-რემოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია.