ხულო-თაგოს საბაგირო თითქმის ერთი წელია გაჩერებულია. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, როდის დაიწყებს მუშაობას საბაგირო, თუმცა, როგორც გაირკვა, ხულო-თაგოს საბაგირო იმ ფორმით, როგორითაც ის 1985 წლიდან ფუნქციონირებს, აღარ ამუშავდება. აქ ახალი საბაგირო უნდა ააშენონ.
არსებული საბაგირო გზის გაჩერების მიზეზი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“ უთხრეს, მზიდი ბაგირის/ტროსის დაზიანებაა – ბაგირი, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ვეღარ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო სტანდარტს.
„ხულო-თაგოს ბაგირგზაში“ ასევე გვითხრეს, რომ პროექტირებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, „ვინაიდან საბაგირო გზა მთლიანად შესაცვლელია და ხელახლა უნდა დაპროექტდეს. შესაბამისი ფინანსები კი, მუნიციპალიტეტს არ აქვს“.
საბაგიროსთან დაკავშირებით აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს „ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევა“, რისთვისაც ბიუჯეტში 200 000 ლარია გათვალისწინებული. ეს კვლევა 2026 წლის იანვრამდე უნდა დასრულდეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ ბაზრის კვლევა სატენდერო პირობების დასადგენად.
„ინტენსიურად ვმუშაობთ, თუმცა ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი რა გზით წავალთ. არის ორი ვარიანტი. ან ტენდერს გამოვაცხადებთ წინასაპროექტო კვლევაზე, როგორც ბიუჯეტშია გაწერილი, ან შესაძლოა წავიდეთ მეორე გზით – Design-Build მეთოდით. ამ შემთხვევაში ტენდერი კვლევას, პროექტირებას და მშენებლობასაც მოიცავს. ახლა სწორედ ამ დეტალებს ვაზუსტებთ“ – გვითხრეს სამინისტროში.
ტენდერის და პროექტის შედგენის ვადების გათვალისწინებით საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დიდი ალბათობით ვეღარ დაიწყება. ამასთან, წინასწარი გათვლებით, ხულო-თაგოს საბაგიროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მინიმუმ 5 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება. ეს თანხა კი აჭარის 2025 წლის ბიუჯეტში ამ დროისთვის გაწერილი არ არის.
ის რომ ხულო-თაგოს საბაგირო გზის პროექტზე უკვე მუშაობს ის კომპანია, რომელმაც საბაგირო გზა კურორტ „გოდერძიზე“ დააპროექტა – სამინისტროში არ დაგვიდასტურეს.
ხულო-თაგოს საბაგირო გზაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს.
2020 წელს გამწევი ტროსის შეცვლაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 091 ლარი დაიხარჯა.
[მომდევნო წელს ძველი ტროსი „ხულო-თაგოს ბაგირგზამ“ აუქციონზე ჯართად გაყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით მეორადი გამწევი ტროსის სიგრძე 3 600 მეტრი იყო. აუქციონის დოკუმენტებით კი, ჯამში 1 500 კილოგრამი მეორადი გამწევი ტროსი [დაჭრილი 5-10-15 მეტრიან ნაჭრებად], 300 ლარად გაიტანეს გასაყიდად და საბოლოოდ 1 290 ლარად გაიყიდა.
აშენდა ასევე ახალი სადგური ხულოში, გარემონტდა კაბინა და სხვა დეტალები, გაიზარდა მგზავრობის ფასიც.
ხულოს მერიის მონაცემებით:
„ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. ხულო-თაგოს საბაგირო 1985 წელს გაიხსნა.“
წყარო: "ბათუმელები"