თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, საინჟინრო-საკვლევი სამუშაოები განხორციელდა, რის საფუძველზეც დაიგეგმა სარეაბილიტაციო პროცესი.

დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„აღნიშნული საავტომობილო ხიდი ავარიული იყო. პროექტის მიხედვით, ჯერ შესაბამისი კვლევები ჩატარდა. შემდეგ უკვე ხიდის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. ადგილზე შეიცვალა სანიაღვრე ქსელი, რომელიც ამორტიზებული იყო. მოწესრიგდა ტროტუარები, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში იქნა ჩატანილი. მოეწყო ახალი განათების ქსელი LED სანათებით, დამონტაჟდა მხატვრული მინათებები. ხიდი ყველანაირად მოწესრიგებულია და მასზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. პროექტის განხორციელების დროს იყო გარკვეული შეზღუდვები, თუმცა, სხვანაირად მსგავს სამუშაოებს ვერ ჩავატარებდით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის ფარგლებში, აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და  დაემატა ცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გზის სავალი ნაწილი სრულად განახლდა - დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. რეაბილიტაციის შემდგომ, ორთაჭალჰესის ხიდზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა, საავტომობილო მოძრაობა კი ორმხრივად აღდგენილია.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ისნისა და კრწანისის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები იმყოფებოდნენ. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს