გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს. 


სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე ჰქონდათ დამონტაჟებული. 


სოფელ გედსამანიაში კი მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. 


ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 


ბუნებრივი რესურსების დაცვა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არარეგისტრირებული სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა.

დეპარტამენტი პრაქტიკაში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებულია კანონმდებლობაც. შედეგად, მიმდინარე წლის 7 თვეში,  დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1026 ფაქტი, დალუქულია 42 უკანონო სახერხი საამქრო. 

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს