თბილისში „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. შესაბამის დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
დადგენილების თანახმად, კომისიას თავად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარეს ეთხოვა, ხოლო მეორე მოადგილედ ინფრასტრუქტურის მინისტრი განისაზღვრა.
კომისიის შემადგენლობაში შედიან თითქმის ყველა საკვანძო უწყების ხელმძღვანელები, მათ შორის: საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის, ეკონომიკის, კულტურის, გარემოს დაცვის, განათლებისა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრები. ასევე, ადგილობრივი და სხვა უწყებებიდან კომისიაში წარმოდგენილნი არიან თბილისის მერი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად კომისიის მდივნის ფუნქციას შეასრულებს.
ახლადშექვნილ უწყებათაშორის კომისიას ფართო უფლებამოსილებები ენიჭება. დებულების მიხედვით, მის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
- სამთავრობო ქალაქის მშენებლობისას პრიორიტეტებისა და სამუშაოების რიგითობის განსაზღვრა;
- საპროექტო გადაწყვეტებისა და დიზაინის შეთანხმება;
- პროექტების განხორციელებისას წარმოშობილი პრობლემური საკითხების ოპერატიული გადაჭრა;
- საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების ტენდერით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების გაცემა.
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ორგანოს უფლებამოსილება მას შემდეგ შეწყდება, რაც პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები სრულად დასრულდება. დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
„სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობისთვის 4.463 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 9 იანვარს გამოაცხადა, თუმცა ის არ შედგა. შესყიდვა ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილი „არსენალის მთა“) გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებას ითვალისწინებდა. ტენდერის შეწყვეტის მიზეზად სატენდერო კომისიამ ტექნიკური დავალების გადასინჯვის აუცილებლობა დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „სამთავრობო ქალაქის“ იდეა პირველად 2017 წელს წამოსწია, როდესაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი ორთაჭალაში განხორციელდებოდა და ყველა სამინისტროს ერთ სივრცეში მოუყრიდა თავს. 2019 წელს პროექტი პრიორიტეტების ცვლილების გამო შეჩერდა, ხოლო გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო კომპლექსი ორთაჭალის ნაცვლად ჩუღურეთის რაიონში აშენდება.