ევროკავშირმა 2026 წლის აგვისტოში ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ახალი პლატფორმა შექმნა, რომლის მიზანი ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოზიდვას გეგმავს.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსის განცხადებით, ტრანსკასპიური მარშრუტით ვაჭრობის მოცულობა მომდევნო 15 წელიწადში შესაძლოა ხუთჯერ გაიზარდოს.
„შუა დერეფნის“ მთავარი მონაწილეები ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან. ყაზახეთის ინფორმაციით, ქვეყანამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 35 მილიარდი დოლარი ჩადო და ინვესტიციების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. ქვეყნის მიზანია, ჩინეთსა და ევროპას შორის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი რგოლის როლი გაიმყაროს.
მარშრუტის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. ყაზახეთში ალმათის შემოვლითი 75-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის პროექტს დაახლოებით 300 მილიონი დოლარით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია აფინანსებენ. ქვეყნის საავტომობილო გზების მოდერნიზაციის პროგრამის ღირებულება კი 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გაფართოვდა ყაზახეთის კასპიისპირა პორტების შესაძლებლობებიც. აქტაუსა და ყურიკის პორტებში განხორციელებული პროექტების შედეგად მათი საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 21.6 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
ამასთან, აზერბაიჯანი და საქართველო ბაქოს პორტისა და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობენ. ინფრასტრუქტურის განვითარებამ ტვირთების თურქეთისა და ევროპის ბაზრების მიმართულებით გადაზიდვები უნდა გააადვილოს.
მიუხედავად ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციებისა, „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდვების მოცულობა ჯერ კიდევ შედარებით მცირეა. 2024 წელს მარშრუტით 4.5 მილიონი ტონა, 2025 წელს კი 4.7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2030 წლისთვის სამიზნე მაჩვენებელი 11 მილიონი ტონაა.
ევროკავშირისთვის „შუა დერეფანი“ მნიშვნელოვანია, როგორც ჩინეთიდან ევროპისკენ ტვირთების გადაზიდვის რუსეთის მარშრუტის ალტერნატივა. ჩინეთი კი დერეფანს ევროპისკენ მიწოდების გზების დივერსიფიკაციისა და ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური გავლენის გაძლიერების შესაძლებლობად განიხილავს.